ახალი ამბები

სააკაშვილი ეკლესიის პროცესებში ივანიშვილს ადანაშაულებს

31 ოქტომბერი, 2019 • 1255
სააკაშვილი ეკლესიის პროცესებში ივანიშვილს ადანაშაულებს

“ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი”, – ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.

“მან ფეხქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტებიც. ქვეყანაში დაამკვიდრა ქაოსი, არეულობა, შუღლი და დაპირისპირება და რუსული გავლენები.

ამიტომ სახელმწოფოებრივი ამოცანაა ოლიგარქის ჩამოცილება ხელისუფლებისაგან, რათა ქვეყანას მიეცეს ამოსუნთქვის და სწრაფი განვითარების საშუალება”, – აცხადებს სააკაშვილი.

სინოდის 31 ოქტომბრის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს მთავარეპისკოპოსის სტატუსი შეუჩერეს და ეპარქია ჩამოართვეს. ეპისკოპოს საბა ინწკირველის თანახმად, რომელიც სინოდს ესწრებოდა, ეს ორივე დროებითი ღონისძიებაა.

მიტროპოლიტმა პეტრემ პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას „უპრეცედენტო“ უწოდა, თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ილია მეორემ ერთპიროვნულად მიიღო და ამას უსამართლო გადაწყვეტილება უწოდა.

მან ასევე [ჰომოფობიური ტერმინოლოგიით] თქვა, რომ „მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების“ გამო დასაჯეს: „ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის”, – განაცხადა მან.

ეპისკოპოს საბას თქმით, ეს „სიტყვიერი ბრალდებაა“ და პეტრე ცაავას მტკიცებულება არ წარმოუდგენია. „თუ აქვს, უნდა წარადგინოს. თუმცაღა, ასეთი მძიმე სიტყვიერი ბრალდება შოკისმომგვრელია“, — განაცხადა მან.

პეტრე ცაავამ მოგვიანებით თქვა, რომ 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომის დროს, პატრიარქსა და იქ მსხდომ მღვდელმთავრებს სხთოვა, კრება მეორე დღემდე გადაეტანათ, ის კი თავისი სიტყვების დასამტკციებლაად 2 მოწმეს მოიყვანდა.

„მე მანამდე ვითხოვე და არ მომცეს საშუალება, მერე კი პატრიარქმა გამოაცხადა თავისი განჩინება. სჯულის კანონის თანახმად, თუ მე ეს სიტყვები ბრალდებად მეთვლებოდა ნებისმიერი იქ მსხდომის მიმართ, მათ შორის, სინოდის თავმჯდომარის მიმართ, 2-3 მოწმე საკმარისია, რომ დამტკიცებულად ჩაითვლოს ბრალდება“, — განაცხადა პეტრე ცაავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი