ახალი ამბებისაზოგადოება

მიუღებელია ორიენტაციის გამოყენება ანგარიშსწორებისთვის – თანასწორობის მოძრაობა პეტრეზე

31 ოქტომბერი, 2019 • 3214
მიუღებელია ორიენტაციის გამოყენება ანგარიშსწორებისთვის – თანასწორობის მოძრაობა პეტრეზე

“თანასწორობის მოძრაობა” ეხმაურება საპატრიარქოს სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნავს, რომ “მიუღებელია ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოყენება პირადი თუ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.”

“თანასწორობის მოძრაობა” ხაზს უსვამს, რომ ის არ ერევა და არცაა დაინტერესებული საპატრიარქოს შიდა საკითხებით და იქ წლების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებით. თუმცა აუცილებლად მიიჩნევენ, გამოეხმაურონ იმ განცხადებებს, რომელიც “მიზნად ისახავს ლგბტ ადამიანების ინსტრუმენტალიზებას და უპირველესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს ჩვენს თემს.”

“საპატრიარქო თუ მასთან აფილირებული ჯგუფები, განცხადებებით, ქადაგებებითა, თუ საჯარო მსვლელობებით, ყოველთვის ახალისებდა ჰომოფობიასა და ტრანსფობიას და ხელს უშლიდა ლგბტ ადამიანების ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის. ამ ხისტმა პოზიციამ განსაკუთრებით დააზარალა ლგბტ მოძრაობის მცდელობა, დაეცვა თემის უფლებები. ამის საილუსტრაციოდ კმარა 17 მაისის, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღის გამოცხადება ოჯახების სიმტკიცის დღედ და ყოველ 17 მაისს ჰომოფობიური მსვლელობების გამოჩენა თბილისის ქუჩებში მღვდელმსახურების მონაწილეობით.

დღეს, როდესაც თავად საპატრიარქოა ჰომოფობიური შეტევის სამიზნე, რომ მის მწყემსმთავრებს თუ მღვდელთმსახურებს შორის შესაძლოა იყვნენ ლგბტ თემის წევრები, ისევ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებას აზარალებს. კიდევ უფრო შემაშფოთებელია მიტროპოლიტ პეტრეს დაპირება, რომ იგი მოიყვანს ორ მოწმეს, რომლებიც დაადასტურებენ მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას”, – აცხადებს “თანასწორობის მოძრაობა”.

არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, საპატრიარქოს მტრული პოზიცია ლგბტ თემის მიმართ, მეორე მხრივ კი, განცხადებები ეკლესიის მეთაურის ჰომოსექსუალობის შესახებ, შესაძლოა, სკანდალურად ჟღერდეს, “მაგრამ ამან მაინც არ უნდა დაგვავიწყოს, რომ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ჰომოსექსუალობა კრიმინალი არ არის და, მით უმეტეს, არც ცოდვა. შესაბამისად, ნებისმიერ მსჯელობას, რომელიც დემოკრატიული სახელწიფოსთვის უცნობ, საეკლესიო სამართლის რიტორიკას ეფუძნება ნებისმიერი ადამიანის მიმართ, უნდა გავემიჯნოთ.”

“ზემოთქმულიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ წარიმართება დისკუსია და საჯარო განხილვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მიუღებელია ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოყენება პირადი თუ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მედიას, რათა ნათლად გაემიჯნოს დამაკნინებელი და მადისკრედიტებელ გამონათქვამებს, რომელიც მთლიანად ლგბტ თემზე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, “თანასწორობის მოძრაობა” მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკაონ ჰომოფობიური განცხადებების ტირაჟირებისგან, ადამიანის გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და მარგინალიზებისგან”, – ნათქვამია “თანასწორობის მოძრაობის” განცხადებაში.

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა ეპისკოპოსმა პეტრე ცაავამ დღეს, მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსობიდან გადააყენეს, ილია მეორე ჰომოსექსუალობაში დაადანაშაულა, რა დროსაც მან ჰომოფობიური ტერმინოლოგია გამოიყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.