ახალი ამბები

ვიკრიბებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას – მარტვილის მონასტრის წინამძღვარი

31 ოქტომბერი, 2019 • 1933
ვიკრიბებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას – მარტვილის მონასტრის წინამძღვარი

მარტვილის წმ. ნინოს მონასტრის წინამძღოლი, იღუმენია თამარ გამყრელიძე აცხადებს, რომ ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირებში ერთსულოვნებაა – ისინი არ ეთანხმებიან პეტრე ცაავას ეპისკოპოსის პოზიციიდან გადაყენებას და უპირისპირდებიან საპატრიარქოს. ამის შესახებ იღუმენიამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

კითხვაზე, რას აპირებენ ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები, ის პასუხობს:

“ვიკრიბებით, მოდიან სასულიერო პირები. სჯულის კანონს აუცილებლად დავიცავთ, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს გვექნება გადასაწყვეტი, რა ნაბიჯს გადავდგამთ. შევიკრიბებით და განვიხილავთ. მეუფე პეტრემ ზემდგომ ინსტანციაში უნდა გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება, ველიოდები განჩინებას, რა მუხლს მიუსადაგებენ, მხილება ეკლესიაში თუ ისჯება ამ ფორმით, საინტერესოა. ვნახავთ ამ განჩინებას და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას”.

მარტვილის წმ. ნინოს მონასტრის წინამძღოლი მინიშნებას აკეთებს იმაზე, რომ შესაძლოა, კეთილგანწყობით არ დახვდნენ პეტრე ცაავას შემცვლელ ახალ ეპისკოპოსს.

“ყველა ერთსულოვანი ვართ ამ საკითხში, ეს სასჯელი არ უნდა ასრულდეს. როდესაც რამდენიმე თვე დასჭირდათ მეუფე კალისტრატეს ჩამნაცვლებლის მოსაძებნად. მე მივმართავ ახალ ჭყონდიდელს, რომელიც ერთი თვეც არ არის, რაც აქ იყო. ძალიან გული მტკივა, რომ მას პრინციპი და სინანული არ გააჩნია იმისა, რომ ამ ცვლილებას დათანხმდა. არ ვიცი, ჩვენ როგორ შემოგვხედავს თვალებში ახალი მღვდელმთავარი”, – თქვა იღუმენიამ.

მისივე თქმით, ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები სრულად უჭერენ მხარს პეტრე ცაავას და ინფორმირებულნი არიან ბრალდებების შესახებ, რომელიც მან პატრიარქს წაუყენა.

“მეუფის განცხადება ჩვენთვის არ იყო უცხო იმიტომ, რომ ამის საქმის კურსში ვიყავით მთელი სასულიერო დასი. უზნეობასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტი ჩვენთან გასაჯაროებული აქვს”, – ამბობს იღუმენია გამყრელიძე.

როგორც სასულიერო პირი ირწმუნება, პეტრე ცაავა წლების განმავლობაში ხვდებოდა ეპისკოპოსებს და ცდილობდა ისინი დაერწმუნებინა, “ერთად დამდგარიყვნენ უზნეობის წინააღმდეგ”.

“ეს ნაბიჯები არ გადაიდგა არცერთ მღვდელმთავრისგან. მეუფე სთხოვდა მღვთელმთავრებს, მოეთხოვათ პატრიარქისგან, ეს უზნეობები აღკვეთილიყო საპატრიარქოში”, – ამბობს იღუმენია.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შემდეგ უკვე ყოფილმა ეპისკოპოსმა ილია მეორე საჯაროდ დაადანაშაულა ჰომოსექსუალობაში.

“მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი…” – პეტრე ცაავა ილია მეორეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი