კენჭისყრას არ დასწრებიან საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, მათ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
საკრებულოს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წევრებმა ერთმანეთი ოლიმპიადისთვის განკუთვნილი თანხების არაეფექტურ ხარჯვაში დაადანაშაულეს. სევდია უგრეხელიძე სხდომაზე საუბრობდა, რომ ივანიშვილის პრემიერ–მინისტრობის პერიოდში მერიას ოლიმპიადის სამუშაოებისთვის გათვალისწინებული 50 მილიონი ლარი წაართვეს. მის საუბარს საკრებულოს უმრავლესობის პროტესტი მოჰყვა და უგრეხელიძეს მიკროფონი გამოურთეს.
სევდია უგრეხელიძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ მას არ მიეცა საშუალება, ეთქვა, თუ როგორ მიმდინარეობდა ოლიმპიადის სამუშაოების მოსამზადებელი თანხის ხარჯვა. საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ალიბეგაშვილმა კი განაცხადა, რომ საკრებულოს სხდომა პირადი ისტორიების მოყოლის ადგილი არ არის.
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ “ქართუსგან” გრანტის მიღების აუცილებლობა გუშინ იმით ახსნა, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის დამატებითი რესურსების მოძიება გახდა საჭირო, ვინაიდან ძალიან ბევრი პროექტი დაუმთავრებელია:
“ფონდმა ქართუმ გამოიჩინა დიდსულოვნება და დაახლოებით 10 მილიონი გრანტის სახით აჩუქა ქალაქს. გრანტი მიზნობრივად არის მიმართული 2015 წლის ოლიმპიადის სამუშაოების დასამთავრებლად,”– განაცხადა ჯაბა სამუშიამ “რუსთავი 2″–ის ეთერში.
2015 წლის ზაფხულში თბილისში რიგით მე–13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება.
