თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის დამატებითი რესურსების მოძიება გახდა საჭირო, ვინაიდან ძალიან ბევრი პროექტი დაუმთავრებელია. სამუშიას განცხადებით, “ქართუმ” 10 მილიონი ლარის გრანტი სწორედ ამ სამუშაოების დასამთავრებლად გამოყო:
“ფონდმა ქართუმ გამოიჩინა დიდსულოვნება და დაახლოებით 10 მილიონი გრანტის სახით აჩუქა ქალაქს. გრანტი მიზნობრივად არის მიმართული 2015 წლის ოლიმპიადის სამუშაოების დასამთავრებლად,”– განაცხადა ჯაბა სამუშიამ “რუსთავი 2″–ის ეთერში.
ოპოზიცია თბილისის მერიას ოლიმპიადის ბიუჯეტის ცუდად დაგეგმვასა და გახარჯვაში ადანაშაულებს:
“როგორც ჩანს, ქართული ოცნების ხელისუფლებას პრობლემები აქვს ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, მათ შესაბამიდად ვერ დაგეგმეს და ვერ გახარჯეს ბიუჯეტი და საქველმოქმედო ფონდი, ბატონი ივანიშვილის ფონდი ეხმარება თბილისის მერიას, რომ შეასრულოს მისი ვალდებულებები,” – განაცხადა საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამაზ შოშიაშვილმა “რუსთავი 2″–ის ეთერში.
თბილისის მერის მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიაშვილმა კი განაცხადა, რომ თავის დროზე ოლიმპიადის ბიუჯეტის შეთანხმებაც დროში იყო შეზღუდული:
“მე ვფიქრობ, რომ შეფასებები აბსოლიტურად არასწორია. გრანტზე მუშაობა მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდის მანძილზე. ამ ყველაფერს სჭირდება პროცედურები და შეთანხმება, მაშინ, როდესაც ბიუჯეტის შეთანხმებაც, თავის მხრივ, იყო დროში შემჭიდროვებული. აქედან გამომდინარე ერთის მეორესთან დაკავშირება არ მიმაჩნია სწორად,”- განაცხადა დიმიტრი ქუმსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დავით ნარმანიამ კი გუშინ განაცხადა, რომ “ქართუს” გრანტი ისედაც იყო გთვალისწინებული იმ 68 მილიონში, რაც ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი სამუშაოებისთის იყო საჭირო.
“ოლიმპიური ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით 68 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვა, საიდანაც 28 მილიონი ლარი გათვალისწინებული იყო დედაქალაქის ბიუჯეტიდან, სხვა დანარჩენი ნაწილი მოდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მოდის გრანტის სახით, კერძო შემოწირულობების სახით. კერძოდ, ეს არის ქართუს მიერ მიღებული გრანტი 10 მილიონის მოცულობით, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ სხვადასხვა ოლიმპიური ობიექტების განხორციელებისთვის,”– განაცხადა ნარმანიამ “რუსთავი 2″–ის ეთერში.

