მიმართვაში წერია, რომ მრავალრიცხოვანი მიმართვების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი დღემდე არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეთა 6%-ის ნებას.
“ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი საქართველოში მოქმედი სომხური საერო-საზოგადოებრივი და სასულიერო ორგანიზაციები, სამართლიანობის და დემოკრატიული ფასეულობებისთვის ერთგულების სახელით მოგიწოდებთ შეუერთდეთ მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების ინიციატივებს, პატივი სცეთ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების ნებას და 1915-1923 წწ. სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხის განხილვის ინიციატივით წარსდგეთ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც საქართველოში მოქმედი სომხური სასულიერო და საერო ორგანიზაციები აწერენ ხელს.
მიმართვის ავტორთა განცხადებით, დღეისათვის, სომეხი ერის გენოციდი შესაბამისი რეზოლუციებითა და გადაწყვეტილებებით აღიარებულია მსოფლიოს 20-ზე მეტ წამყვან სახელმწიფოს, ასევე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და ევროპის სახალხო პარტიის მიერ.
მიმართვას ხელს აწერენ შემდეგი ორგაგნიზაციები: სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, საქართველოს სომეხთა სათვისტომო, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასთან არსებული კულტურული ცენტრი „ჰაიარტუნი“, „სამცხე–ჯავახეთის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო“, თბილისის სომხური თეატრი, „თბილისელ სომეხთა ასამბლეა“, „საქართველოს სომეხთა ეროვნული კონგრესი“, „თბილისელი სომხების კავშირი“, „აჭარის სომხური სათვისტომო“, გაზეთ „ვრასტანი“, „საქართველოს სომეხთა კავშირი“, „სომეხ-ქართველ ბიზნესმენთა კავშირი“, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი, საქართველოს სომეხ მწერალთა კავშირი „ვერნატუნი“, „ქართველ–სომეხთა კავშირი“ -სულ 30 ორგანიზაცია და ინტელიგენციის წარმომადგენლები -გივი შახნაზარი, ანაჰიტ ბოსტანჯიანი.
| |||||