კერძოდ, როგორც პროკურატურა განმარტავს, ახალი ინსტრუქციების მიხედვით, თითოეული წითელი ცირკულარის ან ძებნის გავრცელების თაობაზე თხოვნა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის მიმართ უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
1) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირი ფლობს ლტოლვილის სტატუსს ან იგი წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელს;
2) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ პირის მიმართ წითელი ცირკულარის ან ძებნის გავრცელების თხოვნა მიღებულია მისი წარმოშობის სახელმწიფოდან;
3) დასტურდება თუ არა ფაქტი იმის თაობაზე, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭება კონკრეტული სახელმწიფოს მიერ არ არის განპირობებული წარმოშობის სახელმწიფოსთან მიმართებაში არსებული პოლიტიკური მოტივებით.
პროკურატურის განცხადებით, ადეიშვილის შემთხვევაში ინტერპოლმა დაადგინა, რომ მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 2013 წლის 8 თებერვალს; ადეიშვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ფაქტი დაადასტურა სტატუსის მიმნიჭებელმა სახელმწიფომ და ლტოლვილის სტატუსის მინიჭება კონკრეტული სახელმწიფოს მიერ არ იყო განპირობებული საქართველოს მიმართ არსებული პოლიტიკური მოტივებით. პროკურატურის ცნობით, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ მსგავსი მიდგომა გამოიყენა სერგო ქავთარაძის მიმართაც.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მიდგომა გამონაკლისი არ არის მხოლოდ ადეიშვილსა და ქავთარაძესთან დაკავშირებით, რადგანაც ინტერპოლმა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო ძებნა გააუქმა ინტერპოლის წევრი სახელმწიფოების მიერ ძებნილ არაერთ პირზე, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ ლტოლვილის სტატუსი და აკმაყოფილებდნენ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დადგენილ ახალ კრიტერიუმებს.
ადეიშვილს საქართველოში ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით დაუსწრებლად წაუყენეს. მას ასევე ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება. რაც შეეხება სერგო ქავთარაძეს, მას გამოძიება ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის კუთვნილი ფულადი თანხების გაფლანგვას ედავება.
როგორც ზურაბ ადეიშვილის, ასევე სერგო ქავთარაძის ადვოკატები ადასტურებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა თავშესაფარი მიიღეს. ადვოკატები არ აკონკრეტებენ, თუ რომელმა ქვეყნებმა მისცეს მათ თავშესაფარი. ორივე მათგანის მიმართ ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებმა 2013 წლის დასასრულს დაიწყო.
