ახალი ამბები

რის შეცვლას აპირებს “ქართული ოცნება” საარჩევნო კანონმდებლობაში

31 აგვისტო, 2015 • • 1287
რის შეცვლას აპირებს “ქართული ოცნება” საარჩევნო კანონმდებლობაში

“აღნიშნული გეგმა არის შედეგი რთული, კომპლექსური და ხანგრძლივი შიდაპარტიული, შიდაკოალიციური და ინტერფრაქციული დისკუსიებისა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური სისტემის განვითარების დინამიკის გათვალისწინებით, მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების ფარდობითი უპირატესობებისა და ნაკლოვანებების ანალიზსა და შეფასებას ეფუძნებოდა”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

 

კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის რეფორმის გეგმის თანახმად:


ა) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო ოლქებს შორის თანასწორობის პრინციპის დაცვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროპის საბჭოს 2002 წლის კარგი პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად, რომლის თანახმად, “ნორმიდან დასაშვები გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10 პროცენტს და არავითარ შემთხვევაში 15 პროცენტს, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა”.


“ოლქების გათანაბრება უზრუნველყოფს ამომრჩევლის ნების შესატყვისი შედეგის მიღებას საპარლამენტო მანდატების განაწილებისას. გარდა ამისა, შემოღებულ იქნება 50-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი მაჟორიტარული არჩევნებისთვის, რაც თვისებრივად აამაღლებს მაჟორიტარი დეპუტატების დემოკრატიული ლეგიტიმაციის ხარისხს”, – აცხადებენ კოალიციაში და დასძენენ, რომ “შედეგად, პირველად უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიული, სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პრინციპების სრული დაცვით”.


 

“2016 წელს აირჩევა პლურალისტური და ქმედითი პარლამენტი, რომელიც, განსხვავებით 1995-2012 წლებში მოქმედი პარლამენტებისგან, ჯეროვნად უზრუნველყოფს კანონშემოქმედებითი პროცესის წარმართვას და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს. შესაბამისი ცვლილებების განხორციელების მიზნით, კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტში ინიციატივის წესით წარადგენენ “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტს და უზრუნველყოფენ მის მიღებას მომდევნო საპარლამენტო სესიის დასრულებამდე”.


ბ) კოალიცია ინიციატივის წესით დაუყოვნებლივ წარადგენს კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით. საკონსტიტუციო უმრავლესობით კანონპროექტის მიღების უზრუნველსაყოფად, კოალიცია მზადაა აწარმოოს ღია კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ სხვა პარტიებთან.


“მრავალმანდატიან ოლქებში არჩევნების ჩატარების პირობებში, შენარჩუნებული იქნება ტერიტორიული წარმომადგენლობის პრინციპი, რაც მნიშვნელოვანწილად პასუხს გასცემს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებულ კითხვებს. კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები აცნობიერებენ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრება პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის მაღალ ხარისხს მოითხოვს. ამასთან, კოალიციის გადაწყვეტილება ეფუძნება რწმენას, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, საქართველოში პოლიტიკური სისტემა უახლოეს წლებში მიაღწევს განვითარების იმ ხარისხს, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეების (შედარებით სუსტი კავშირი დეპუტატებსა და ამომრჩეველს შორის, მყარი საპარლამენტო უმრავლესობის ვერჩამოყალიბების რისკი და სხვ.) პრევენციისთვის არის აუცილებელი”, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი პოლიტიკური პარტიები მოუწოდებენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სისტემის რეფორმით დაინტერესებულ სხვა სუბიექტებს, მხარი დაუჭირონ კოალიციის მიერ შემოთავაზებულ უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას, რომელიც შექმნის მყარ გრძელვადიან გარანტიას საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისათვის.


საქართველოში მოქმედი 10-ზე მეტი ოპოზიციური პარტია, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობა, საგარეჯოსა და მარტვილში მიმდინარე წელს ჩასატარებელ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. ბოიკოტის მიზეზად სახელდება ის, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემა არადემოკრატიულია, ხოლო “ქართული ოცნება” არ ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს, რაც საარჩვენო სისტემის გაუმჯობესებას ეხებოდა. პარტიები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2016 წლამდე ითხოვენ და არა ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი