ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩვენ ყოველდღე და ყოველ წუთს ვმუშაობთ, რათა გადასასვლელი გაიხსნას” – მინისტრი

29 ოქტომბერი, 2019 • 989
“ჩვენ ყოველდღე და ყოველ წუთს ვმუშაობთ, რათა გადასასვლელი გაიხსნას” – მინისტრი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ახალგორში იმ გარდაცვლილი ქალის საკითხზე ისაუბრა, რომელსაც მოსაბრუნის [ე.წ. რაზდახანის]  გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო თბილისში ჩამოსვლის საშუალება არ მიეცა.

„როდესაც მე ყოველდღე და ყველგან ვამბობ, რომ მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალგორის გადასასვლელი, სიკვდილ- სიცოცხლის საქმე პირდაპირი გაგებით, სწორედ ამას ვგულისხმობ. დიახ, მოსახლეობა ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია. ეს ტრაგედია, საუბედუროდ, ერთადერთი არ არის. მოსახლეობას სასიცოცხლო საჭიროებებისთვის გადაადგილება სჭირდება, ისევე როგორც ამ ქალბატონს და მის ოჯახს. ის ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია.

მოსახლეობას აქედან მინდა ვუთხრა, რომ იმ პერიოდში, როცა ჩვენ ყოველდღე და ყოველ წუთს ვმუშაობთ, რათა გადასასვლელი გაიხსნას და ამდენ წინააღმდეგობას ვაწყდებით, ნუ შეეშინდებათ, გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე, დაუკავშირდნენ წითელ ჯვარს, ან თუნდაც დაუკავშირდნენ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას ტელეფონით თუ რაიმე სხვა ფორმით. აქ საქმე სიცოცხლეს და მათ ფუნდამენტურ უფლებებს ეხება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინვე ეს შემთხვევა და ახალგორის ე.წ. გადასასვლელის საკითხი  იყო განხილვის თემა შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, სახელმწიფო მინისტრის მონაწილეობით, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან გამართა, რათა მათ კიდევ უფრო გაააქტიურონ თავიანთი ძალისხმევა და ზეწოლა რუსეთზე, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ მხარეზე, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღოს.

„პირადად მე ამ შემთხვევის თაობაზე, ასევე, ინფორმაცია მივაწოდე ჟენევის ყველა თანათავმჯდომარეს, ასევე, წითელ ჯვარს. უკვე პოსტ ფაქტუმ, რადგან, სამწუხაროდ, მანამდე ამ საჭიროების შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა აქტორი ჩართულია, რათა ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი გაიხსნას.

არა მხოლოდ ახალგორის რაიონი, არამედ ცხინვალის მოსახლეობაც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა, რადგან ახალგორიდან კავშირზე დამოკიდებული არიან არა მხოლოდ ახალგორელი ქართველები, არამედ იქ მცხოვრები ოსებიც. თითქმის ყოველდღე ათობით ადამიანი მიკავშირდება. ყველა ეროვნების და ყველა სფეროდან – საერო თუ სასულიერო, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან. არავინ არ არის თავისუფალი ადამიანის უფლებების წინაშე პასუხისმგებლობისაგან. ეს იქნებიან ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლები, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის, ვალდებულებები ყველას აქვს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ ახალგორის ე.წ. გადასასვლელის გახსნისკენ, რაც კრიტიკულად აუცილებელია. ეს ადამიანების სიცოცხლეს ემუქრება.

ორი თვის განმავლობაში, იმ დღიდან, როდესაც გადაადგილება შეზღუდეს და ჩაკეტეს, მე პირადად არცერთი შეხვედრა არ მქონია, სადაც ეს საკითხი არ დგას. აქ არა მხოლოდ ერგნეთის შეხვედრებს ვგულისხმობ – ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხის მეშვეობით ერთადერთი აქცენტი კეთდება, რომ ე.წ. გადასასვლელი უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაიხსნას“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი