ახალი ამბები

საბჭოთა დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

28 ოქტომბერი, 2019 • 1469
საბჭოთა დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

დიდ ბირტანეთში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი საბჭოთა დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი. როგორც ბუკოვსკის ოფიციალური ვებსაიტი იტყობინება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო წლებში გაუარესებული იყო და გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. ის 27 ოქტომბერს, ღამით გარდაიცვალა.

ბუკოვსკი ცნობილი იყო თავისი პუბლიცისტური, ასევე, უფლებადაცვითი საქმიანობით.

ბუკოვსკში ახალგაზრდობისას მოსკოვში ცხოვრობდა. პირველად 1963 წელს საბჭოთა კავშირში აკრძალული წიგნების ფოტოასლების გადაღების ბრალდებით დააპატიმრეს. მან საპატიმროში 2 წელი გაატარა. 1965 წელს, ციხიდან გამოსვლიდან მალევე, ბუკოვსკი საპროტესტო აქციის გამართვის გამო ისევ დააკავეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოამწყვდიეს, საიდანაც ერთ წელიწადში გამოუშვეს, თუმცა მალევე მიუსაჯეს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა.

მრავალწლიანი პატიმრობისა და იძულებითი მკურნალობის შემდეგ ვლადიმერ ბუკოვსკის 1976 წელს დიდ ბრიტანეთში წასვლის საშუალება მისცეს. სანაცვლოდ, საბჭოთა კავშირმა ჩილეს კომუნისტური პარტიის ლიდერის, ლუის კორვალანის გათავისუფლება მოითხოვა, რომელიც ჩილეში იყო დაპატიმრებული. საერთაშორისო შეთანხმების შემდეგ კორვალანი გაათავისუფლეს და მას საბჭოთა კავშირში მისცეს თავშესაფარი, ბუკოვსკიმ კი ბრიტანეთში განაგრძო ცხოვრება. ბუკოვსკი რუსეთს მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში ესტუმრა.

როგორც BBC წერს, ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ვლადიმერ ბუკოვსკი ინტერნეტიდან ბავშვების პორნოების ჩამოტვირთვისა და შენახვის ბრალდებით 2014 წელს დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს, სასამართლო კი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. საქმის მასალების მიხედვით, მის კომპიუტერში ბავშვთა პორნოგრაფიის 20 ათასამდე ფოტო და ვიდეო იპოვეს. ბუკოვსკი თავს იმით იმართლებდა, რომ ფოტოები ბავშვების პორნოკვლევის მიზნით ჩამოტვირთა. პუბლიცისტი ირწმუნებოდა, რომ ინტერნეტში კონტროლსა და პორნოგრაფიაზე წვდომას იკვლევდა. საბოლოოდ, 2018 წელს, ბუკოვსკის ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო მის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი