ახალი ამბებისაზოგადოება

ძუძუს კიბოს განკურნების შანსები საქართველოში და შეწყვეტილი მკურნალობა

25 ოქტომბერი, 2019 • 4893
ძუძუს კიბოს განკურნების შანსები საქართველოში და შეწყვეტილი მკურნალობა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წელს 627 000 ქალი გარდაიცვალა ძუძუს კიბოთი.  საქართველოში სპეციალისტები ძუძუს კიბოს გამოვლენის შემდეგ შეწყვეტილ მკურნალობას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევენ.

საქართველოში განკურნების შანსები

“პაციენტისთვის, ყველაზე მტკივნეულია, როდესაც იცის, რომ არსებობს მედიკამენტები, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, მას კი ამაზე ხელი არ მიუწვდება”, – ამბობს საქველმოქმედო ორგანიზაცია “ევროპა დონა საქართველოს” პრეზიდენტი ანა მაზანაშვილი, რომელიც წლებია ძუძუს კიბოს დასამარცხებლად საქართველოში სათანადო პირობების შესაქმნელად იბრძვის.

მისი გამარტებით, საქართველოში ძვირადღირებული მედიკამენტები და მკურნალობა, რომელიც ათასობით ლარი ჯდება, ხშირად პაციენტებს აიძულებთ უარი თქვან მკურნალობაზე, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან კი დამალონ საკუთარი დიაგნოზი. სახელმწიფო პროგრამებში სახელმწიფოს წილი თანხობრივად 50-70%-მდეა, დანარჩენი კი პაციენტმა თავად უნდა დაფაროს.

“დიაგნოზის აღმოჩენის შემდეგ ყველაზე მთავარია იმუნოჰისტოქიმიური კვლევის ჩატარება, რომლის მიხედვითაც შემდგომ თერაპევტი ნიშნავს მკურნალობას, ეს კვლევა კი საქართველოში არ ფინანსდება,” – განმარტავს მაზანაშვილი – “თუ დიაგნოსტიკა გაკეთდა და ვერ მკურნალობს, პაციენტისთვის ეს უფრო უარესია – დიაგნოზი დაუსვი და გაუშვი მკურნალობის გარეშე”.

კვლევა, რომელაც მაზანაშვილი ახსენებს, 400 ლარი ღირს და ერთჯერადია. მისი თქმით, შესაძლებელია ეს თანხა ერთი შეხედვით მცირედი იყოს, თუმცა, როდესაც პაციენტებს არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობები, მათთვის ამ თანხის გადახდაც პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ მათი მკურნალობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, გარკვეულ შემთხვევებში ნებდებიან დიაგნოზს.

მაზანაშვილის თქმით დიაგნოზდასმული პაციენტები თანხების არარსობობის გამო ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას:

“ერთხელ ჩვენთან მოვიდა ქალი, რომელმაც უარი თქვა მკურნალობაზე ფინანსური პრობლემების გამო და ორი წლის განმავლობაში სახლში სხვადასხვა გზებით ცდილობდა კიბოს დამარცხებას, საბოლოოდ კი ჩვენთან მოსულს მკერდი მთლიანად განადგურებული ჰქონდა, მეტასტაზები უკვე ყველგან იყო წასული”, – იხსენებს მაზანაშვილი.

“ევროპა დონა საქართველოს” პრეზიდენტი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ძუძუს კიბოს დასამარცხებლად სახელმწიფოს ჩართულობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და მიუხედავად არსებული პროგრამებისა, სახელმწიფო მის ხელთ არსებულ ბერკეტებს ბოლომდე მაინც არ იყენებს:

“სახელმწიფომ უნდა შეძლოს კლინიკებთან და ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებების შედეგად ფასების შედარებითი დარეგულირება”, – აღნიშნავს ის. მაზანაშვილის თქმით, კერძო სექტორის მიერ მომატებული ფასები საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის ტვირთად იქცევა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ფინანსურად ვერ წვდება და პაციენტი იძულებული ხდება მოიძიოს დამატებითი ფონდები:

“ფონდების მოძიების პროცესი პაციენტისთვის დიდ დროსთან და ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. ამ პერიოდში კი მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება და გარკვეულ შემთხვევებში უკონტროლოც კი ხდება”, – ამბობს მაზანაშვილი – “სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის უნდა შედგეს მოლაპარაკებები, რომელსაც ფასების დარეგულირება მოყვება. ეს მომგებიანი იქნება სახელმწიფოსთვისაც, კერძო სექტორისთვისაც და პირველ რიგში პაციენტებისთვის.”

სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობს ონკოლოგი ნია შარიქაძეც. მისი თქმით პაციენტების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს თანადაფინანსების შედეგად დარჩენილი თანხების გადახდას, რაც სავალალო შედეგებით სრულდება. მაზანაშვილის თქმით მაგალითად მეორე სტადიის მკურნალობა დაახლოებით 15 ათას ლარამდე ჯდება, აქედან 50-70%-ს სახელმწიფო აფინანსებს, ამ შემთხვევაშიც კლინიკაზეა დამოკიდებული, რამდენი აქვს ფასნამატი – ანუ სახელმწიფოს აქვს კონკრეტულად გამოყოფილი თანხები და გააჩნია პაციენტი რომელ კლინიკას აირჩევს. შედარებით უკეთესი კლინიკა უფრო ძვირი ჯდება, ამიტომ ხშირად პაციენტები ძვირიან კლინიკებს ირჩევენ, რა დროსაც სახელმწიფო შედარებით ნაკლები პროცენტულობით აფინანსებს.

“სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, მოსთხოვოს ნებისმიერ, მათ შორის კერძო დაწესებულებებსაც, რომ მკურნალობის თანხები ჩაეტიოს გარკვეულ ლიმიტში, ისე, რომ თანადაფინანსება პაციენტებისთვის არ იყოს ისეთი მძიმე, რომ მათ მოუწიოთ უარის თქმა მკურნალობის გაგრძელებაზე,” – განმარტავს შარიქაძე.

ონკოლოგის განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც უცხოეთში სამკურნალოდ წასულ პაციენტებს იქაური ექიმები უნიშნავენ ისეთ მედიკამენტებს, რომლის შეძენის საშუალება არც პაციენტს აქვს და არც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება. შესაბამისად ძუძუს კიბოთი დაავადებული ადამიანი ვერ აგრძელებს მკურნალობას ან საკუთარი ქონების გაყიდვა უწევს, აღნიშნული მედიკამენტები კი ხანგრძლივი მკურნალობის ნაწილია.

“ვფიქრობ, რომ აუცილებელია უცხოელ და ქართველ კოლეგებთან და სფეროს ექსპერტებთან ერთად დავსხდეთ და შევიმუშავოთ იმ ეფექტური მედიკამენტების სია, რომელიც შედარებით იაფი დაუჯდება პაციენტებსაც და სახელმწიფოსაც,” – ამბობს შარიქაძე. მისი განმარტებით სახელმწიფოს როლი ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანია.  მაზანაშვილის განმარტებით, უცხოეთში დანიშნული მედიკამენტების ანალოგები საქართველოშიც არის, თუმცა პაციენტები ხშირ შემთხვევაში ამის შესახებ არ არიან ინფორმირებულები.

შარიქაძე ასევე ხაზს უსვამს მკურნალობის პროცესის უწყვეტობის მნიშვნელობასაც: “საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს ადრეული დიაგნოსტიკიდან მკურნალობამდე ჩავარდნა არ ჰქონდეს და აუცილებელი სადიაგნოსტიკო ჩამონათვალი იყოს შესრულებული. შემცირდეს მეოთხე სტადიაზე გაკეთებული ქირურგიული ჩარევების რიცხვი და დროულად დაიგეგმოს ადეკვატური მკურნალობა. ამ უწყვეტობის დაცვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.”

სახელმწიფოს როლი და ჩართულობა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, 2015 წელთან შედარებით 2018 წელს მეოთხე სტადიაზე აღმოჩენილი ძუძუს კიბოს შემთხვევები 7%-მდეა შემცირებული. ამის მიზეზად კი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორი, გვანცა გასვიანი სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის ზრდასა და სახელმწიფო პროგრამების გაუმჯობესებას ასახელებს. თუმცა აქვე განმარტავს, რომ საქართველოში ამ მიმართულებით განსაკუთრებით კარგი შედეგებია დიდ ქალაქებში, მათ მიღმა კი მოსახლეობის ინფორმირებულობასთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე საყოველთაო დაზღვევის პროგრამები შედარებით ნაკლებად წარმატებულია:

“ძუძუს კიბოსთან ბრძოლისას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სკრინინგის პროცედურა, სადაც პირველადი დიაგნოსტიკის შედეგად ადამიანები შესაძლო რისკების შესახებ იღებენ ინფორმაციას, თუმცა დიდ ქალაქებს მიღმა მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე დაბალია და შესაბამისად ნაკლები ადამიანი მიმართავს სკრინინგს,” – განმარტავს გასვიანი.

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ყველაზე დიდი ფინანსები სწორედ კიბოს სკრინინგსა და მის შემდგომ პროცედურებზეა გამოყოფილი, თუმცა რიგ შემთხვევებში თანხები მაინც არ არის საკმარისი. მკურნალობის თანადაფინანსების პროცედურებში ერთვებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. გასვიანის თქმით, კოლაბორაციის შედეგად, ამ დრომდე დაფინანსების გარეშე არც ერთი პაციენტი არ დაფიქსირებულა.

თუმცა როგორც პაციენტებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს მედიკამენტებისთვის საჭირო თანხების მოძიება. ამის მიზეზად კი გასვიანი კიბოსთან საბრძოლველად აუცილებელ წამლებზე ყოველწლიურად ფასების ზრდას ასახელებს.

“მედიცინა წინ მიიწევს, ახალი და ახალი პრეპარატები შემოდის, ჩვენც გვიწევს ყოველთვის ამ სიის გადახედვა. სამწუხაროდ, ახალი პრეპარატები, ძირითადად, წინაზე ბევრად ძვირი ჯდება და წლიდან წლამდე მიმდინარეობს არსებული პროგრამის ბიუჯეტის განახლება,” – ამბობს გასვიანი და განმარტავს, რომ კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის არ არსებობს კონკრეტული სახელმწიფო პროგრამა და ეს მიმართულება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება:

“კონკრეტული ბიუჯეტი წლის დასაწყისში არასდროს არ გვაქვს და მისი გადახედვა საჭიროებებიდან გამომდინარე მიმდინარეობს. ციფრებში ზუსტად ვერ გამოვხატავ, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი სწორედ კიბოსთან ბრძოლისთვის აუცილებელ საშუალებებში იხარჯება, რაც საბოლოო ჯამში ძალიან დიდი ტვირთია ქვეყნისთვის,”  – აღნიშნავს გასვიანი.

პირველადი პროფილაქტიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, საშუალო და დაბალგანვითარებულ ქვეყნებში შედარებით მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი გამოწვეულია სახელმწიფო პროგრამების სიმცირითა და მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალი დონით.

საერთაშორისო კვლევითი-საქველმოქმედო ორგნიზაცია “მკერდის კიბო ახლა” გამოყოფს რამდენიმე ძირითად ნიშანს, რომლის მიხედვითაც ქალები შეძლებენ ძუძუს კიბოს პირველადი სიმპტომების აღმოჩენას:

  • გამონაყარი ან მკერდის შეშუპება მკერდის ზედა ნაწილში ან მკლავთან ახლოს – შესაძლოა გამონაყარი თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს;
  • მკერდზე კანის მოულოდნელი დანაოჭება;
  • მკერდის კანის ფერის შეცვლა – შესაძლოა მკერდმა მიიღოს მოწითალო ფერი;
  • დვრილების ჩაბრუნება;
  • დვრილების გარშემო გამონაყარი;
  • დვრილებიდან არაბუნებრივი გამონადენი;
  • მკერდის ზომის ან ფორმის ცვლილება;
  • მკერდის მუდმივი ტკივილი.

ზემოთ ჩამოთვლილი მკერდის ცვლილებები არ ნიშნავს, რომ ადამიანს უეჭველად ძუძუს კიბო აქვს, თუმცა ამ ნიშნების შენიშვნის შემთხვევაში პროფილაკტიკის მიზნით აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი