მაიოს კლინიკის (ჯექსონვილი, ფლორიდის შტატი) მკვლევრები აცხადებენ, რომ მათი შემუშავებული ვაქცინა, რომელსაც სარძევე ჯირკვლის და საკვერცხეების კიბოს წარმოქმნის შეჩერება შეუძლია, დაახლოებით 8 წელიწადში იქნება ხელმისაწვდომი, — წერს გამოცემა „ფორბსი“ („Forbes“).
„გვაქვს ყველა საფუძველი განვაცხადოთ, რომ რვა წლის ფარგლებში გვექნება ვაქცინა, რომელსაც პაციენტები აფთიაქში შეიძენენ ან ექიმის რეცეპტით მიიღებენ“ – განაცხადა კით ნათსონმა, კლინიკის მკვლევარმა.
ნათსონის თანახმად, კვლევა ჯერჯერობით ადრეულ ეტაპზეა და ვაქცინის მესამე ფაზის ფართო მოხმარებაში გამოსვლას მინიმუმ 3 წელი დასჭირდება.
ვაქცინის მუშაობის პრინციპი შემდეგია: ის სტიმულაციას აძლევს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, — ანუ მისი დაცვის ბუნებრივ მექანიზმს, — რომ ამოიცნოს და გაანადგუროს კიბოს შემცველი უჯრედები.
ვაქცინა, მკვლევრის განცხადებით, უსაფრთხოა – „ვიცით, რომ უსაფრთხოა. ვიცით, რომ მათი დახმარებით, იმუნურ სისტემას [კიბოსთან ბრძოლის] სტიმულაცია ეძლევათ. ვიცით, რომ ვაქცინას დადებითი გავლენა აქვს სარძევე ჯირკვლის და საკვერცხეების კიბოზე. არ შეგვიმჩნევია არანაირი გვერდითი მოვლენა ან პრობლემა, გარდა ოდნავი გაღიზიანებისა, რომელიც გაციების ვაქცინის მსგავსია. ახლა სერიოზული, კლინიკური კვლევებით უნდა დავარწმუნოთ აშშ-ის საკვებისა და პრეპარატების ადმინისტრაცია (FDA), რომ ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ“.
თუმცა, პროცესი, ნათსონის თქმით, საკმაოდ ძვირია – „ვაქცინის მეორე ფაზის კლინიკური კვლევის ფასი 12 მილიონიდან 20 მილიონ დოლარამდე მერყეობს, ხოლო მესამე ფაზის ფასი შეიძლება ორჯეტ მეტი იყოს“.
ამასთან ერთად, ნათსონი აღნიშნავს, რომ უცნობია, საერთოდ თუ იქნება, ან თუ იქნება, როდის, ვაქცინა სხვა ტიპის კიბოს შემთხვევებში. მაგრამ, იგი მაინც დარწმუნებულია პროექტის წარმატებაში – „ადრეული სიგნალები გვაჩვენებს, რომ ჩვვენ ვაქცინებს აქვთ ძალიან დადებითი გავლენა დაავადებაზე. მუშაობას ამაზე დაყრდნობით ვაგრძელებთ“.