ახალი ამბები

დეზინფორმაციის საკითხებზე თემატური მოკვლევა ნოემბერში დასრულდება – გოგუაძე

25 ოქტომბერი, 2019 • 1615
დეზინფორმაციის საკითხებზე თემატური მოკვლევა ნოემბერში დასრულდება – გოგუაძე

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხების შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფი პარლამენტში 2019 წლის თებერვალში შეიქმნა, რომელსაც შედეგი 3 თვეში უნდა დაედო, რაც ამ დრომდე არ გაუკეთებია.

თემატური მოკვლევის ფუნქცია შესაძლებლობას აძლევს პარლამენტს, სამოქალაქო საზოგადოების პირდაპირი ჩართულობით გამოიკვლიოს მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხი, შეისწავლოს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა კონკრეტულ საკითხზე და გასცეს რეკომენდაციები.

პარლამენტის რეგლამენტით, თემატურ ჯგუფს მოკვლევის დაწყებიდან მაქსიმუმ 3-თვე აქვს დასკვნის მოსამზადებლად, თუმცა ეს ვადა დაირღვა. საკითხზე მთავარი მომხსენებელი ნინო გოგუაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ 3-თვიანი პერიოდი “საკმარისი არ აღმოჩნდა” დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე ქვეყანაში არსებული ძირითადი გამოწვევების გამოსაკვლევად და საკითხზე მუშაობა, სავარაუდოდ, ნოემბერში დასრულდება.

“დეზინფორმაციის საკითხებზე მუშაობა გრძელდება. საკითხის შესწავლამ მოითხოვა უფრო მეტი დრო, ვიდრე 3-თვიანი პერიოდი. ამიტომ ჩვენ უკვე ახალი კომისიის ფორმატში გავაგრძელეთ ეს მუშაობა – ახლა არის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტების ერთობლივი ჯგუფი. ახლა ვართ დასკვნით ეტაპზე და ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს პროცესი დასრულდება და შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, საკომიტეტო ფორმატში ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, როგორ გახდეს ეს დასაწყისი პარლამენტისთვის, რომ გახსნას დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხზე სამუშაო ფორმატი როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ისე სამოქალაქო სექტორთან”, – განაცხადა გოგუაძემ.

ნინო გოგუაძის თქმით, დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში პრობლემურია კოორდინაციის ნაკლებობა აღმასრულებელ, საკანონმდებლო ხელისუფლებას, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის და ეს იქნება მთავარი საკითხი, რაზეც თემატური მოკვლევის ჯგუფი გააკეთებს აქცენტს. დეპუტატი წინმსწრებად არ საუბრობს სხვა ძირითად მიგნებებზე და რეკომენდაციებზე, რომლებიც თემატური მოკვლევისას გამოიკვეთა, თუმცა ამბობს, რომ “ნამდვილად იქნება დიდი სიახლე პარლამენტის მხრიდან შემოთავაზებული”.

“დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე მუშაობს აღმასრულებელი ხელისუფლება, სხვადასხვა უწყებები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო სექტორი… ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო  ორგანიზაციების მხრიდან. ახლა ნაკლებია კოორდინაცია და მნიშვნელოვანია, ამ ძალისხმევის გაერთიანება მოხდეს”, – განაცხადა გოგუაძემ და დასძინა, რომ პარლამენტი სწორედ ასეთ კოორდინაციას შეუწყობს ხელს.

ამ თემაზე:

პარლამენტი დეზინფორმაციის და პროპაგანდის საფრთხეებზე მოკვლევას იწყებს

მასალების გადაბეჭდვის წესი