ახალი ამბები

პარლამენტი დეზინფორმაციის და პროპაგანდის საფრთხეებზე მოკვლევას იწყებს

11 თებერვალი, 2019 •
პარლამენტი დეზინფორმაციის და პროპაგანდის საფრთხეებზე მოკვლევას იწყებს

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე არსებული გამოწვევების შესასწავლად პარლამენტში თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა.

ჯგუფს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო გოგუაძე უხელმძღვანელებს. ჯგუფის შემადგენლობა დღის ბოლომდე სრულად დაკომპლექტება. დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე არსებული გამოწვევების შემსწავლელ მუშაობაში ჩართვის მზაობა გამოთქვეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა “ევროპული საქართველოდან” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. უცნობია, ჩაერთვებიან თუ არა ჯგუფის საქმიანობაში “საქართველოს პატრიოტების” წარმომადგენლები. “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიანიშნა, რომ მიზანშეწონილი იქნება, ადამიანები, რომლებიც რუსულ პროპაგანდის საფრთხეს ვერ ხედავენ, ამ თემაზე სამუშაოდ არ შეაწუხონ.

როგორც “ნეტგაზეთს” ნინო გოგუაძემ განუცხადა, აღნიშნული ჯგუფი ყველა დაინტერესებულ ორგანზიაციასთან, მედიის მკვლევრებთან, ექსპერტებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მომავალი სამი თვის განმავლობაში შეისწავლის იმ ძირითად  პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც ქვეყანაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებსი მიმართულებით არის, საბოლოოდ კი რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

“ჩვენი მთავარი მიზანია, გამოვიკვლიოთ, როგორ მუშაობს პროპაგანდა საქართველოში,  მათ შორის, რეგიონებში და ეთნიკურ ჯგუფებთან, ვინ არიან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, რას აკეთებენ ან რა უნდა გააკეთონ შესაბამისმა უწყებებმა ამ საფრთხესთან საბრძოლვევად და შევჯერდეთ რეკომენდაციებზე”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დეპუტატი ამბობს, რომ ჯგუფი კონცეტრირებული იქნება სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საფრთხეების შესწავლაზე,  პირველ რიგში კი, რუსულ პროპაგანდაზე.

“პროპაგანდაზე როდესაც ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ვსაუბრობთ რუსულ პროპაგანდაზე და ეს იქნება ამ კომისიის შესწავლის საგანიც”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე არსებული გამოწვევების შემსწავლელი თემატური მოკვლევის ჯგუფი  დიდწილად დახურულ რეჟიმში იფუნქციონირებს. დეპუტატების არგუმენტია, რომ ჯგუფი ასე უფრო შეძლებს პოლიტიკური დღის წესრიგისგან დაცლილ სამუშაო გარემოს შექმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი