ახალი ამბები

ლუკ კოფის განცხადებას მის პირად მოსაზრებად განვიხილავ, ოფიციალურად არ განიხილება – გოგუაძე

25 ოქტომბერი, 2019 • 1271
ლუკ კოფის განცხადებას მის პირად მოსაზრებად განვიხილავ, ოფიციალურად არ განიხილება – გოგუაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე “ჰერიტიჯის ფონდის” მკვლევარ ლუკ კოფის მოსაზრებას სირიის დატოვების შემდეგ ამერიკული ჯარების საქართველოში განთავსების შესაძლებლობაზე ექსპერტის პირად პოზიციად განიხილავს და ამბობს, რომ ქვეყნებს შორის ოფიციალურ დონეზე ამაზე არ მსჯელობენ.

“საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი ექსპერტი, რომელიც დროდადრო აკეთებს განცხადებას. ისინი გულშემატკივრის პოზიციიდან ყოველთვის ცდილობენ, რაღაც შესაძლებლობები, გზები მოძებნონ იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს უსაფრთხოების უფრო მეტი გარანტიები. ამ შემთხვევაში ლუკ კოფის განცხადებას, როგორც მის პირად მოსაზრებას, ისე განვიხილავ. ეს არ არის საკითხი, რომელიც ოფიციალურ დონეზე რამე განხილვის საგანი ყოფილა სახელმწიფოების დონეზე. ამიტომ ექსპერტის მოსაზრებას, რომელიც მან “ტვიტის” სახით გამოქვეყნა, ამ ეტაპზე მეტი შეფასება უბრალოდ ვერ მიეცემა. საინტერესოა ასევე, ექსპერტებიც როგორ უპასუხებენ და როგორ განმარტავენ ამას”, – განაცხადა გოგუაძემ.

კითხვაზე, შედის თუ არა საქართველოს ინტერესში ამერიკელი სამხედროების მის ტერიტორიაზე განთავსება და თუ იმუშავებს ამ მიმართულებით თბილისი, გოგუაძე პასუხობს:

“საქართველოს ინტერესში არის, ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების თვალსაზრისით იყოს მეტად დაცული. საქართველოს  ინტერესშია, საქართველო გახდეს ნატოს წევრი და ქვეყანა მიისწრაფვის ამისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ ყველა შესაძლებლობას, რომ საქართველო იყოს მეტად დაცული ნებისმიერი აგრესიისგან”.

ამ თემაზე:

აშშ-ის ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, ახალქალაქში გაიგზავნოს – ლუკ კოფის ინიციატივა

მასალების გადაბეჭდვის წესი