ახალი ამბები

ფაფიაშვილი არ პასუხობს კითხვას, რას ნიშნავს, როცა პრემიერი მითითებას სხვისგან იღებს

25 ოქტომბერი, 2019 • 1008
ფაფიაშვილი არ პასუხობს კითხვას, რას ნიშნავს, როცა პრემიერი მითითებას სხვისგან იღებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლალი ფაფიაშვილს “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა ოთარ კახიძემ სთხოვა შეეფასებინა ვითარება, როცა პრემიერი მითითებებს იღებს სხვა პირისგან, რომელსაც ოფიციალური თანამდებობა არ უკავია.

ლალი ფაფიაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეა მისული, სადაც დეპუტატები კითხვებს უსვამენ.

“შეიძლება თუ არა პრემიერს ჰყავდეს უფროსი, ხელმძღვანელი, რომელიც მას გარკვეულ მითითებებს აძლევს. თქვენი აზრით, ეს რამდენად ნორმალურია დემოკრატიულ საზოგადოებაში?” – ჰკითხა კახიძემ ფაფიაშვილს.

ამის საპასუხოდ ფაფიაშვილმა თქვა, რომ რჩევა შეიძლება ბევრი ვინმესგან აიღო, მაგალითად, ოჯახის წევრისგან.

“მითითება შეიძლება ბევრი ვინმესგან აიღო… არაპოლიტიკური პირებისგან… რჩევა ჰკითხო ვინმეს, მაგალითად, მეგობარს, ოჯახის წევრს. მივხვდი, რაზეც საუბრობთ”, – განაცხადა მან.

“მე რჩევასა და რეკომენდაციაზე არ მიკითხავს,  მითითებების შესრულება ისე, რომ ორჯერ გამეორება არ სჭირდება, ამის შეფასება გთხოვეთ”, – განაცხადა კახიძემ.

ამის საპასუხოდ ფაფიაშვილმა თქვა, რომ ამ საკითხზე ვერაფერს იტყოდა: “არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით.”

დღეს, 25 ოქტომბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლესა და უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატს, ლალი ფაფიაშვილს უსმენენ.

ფაფიაშვილი განიხილავდა გიორგი უგულავას, ე.წ კაბელებისა და “რუსთავი 2”-ის საქმეებს.

რაც შეეხება ოთარ კახიძის კითხვას, სავარაუდოდ, ის ეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მყოფ ირაკლი ღარიბაშვილზე თქვა, რომ მას “ორჯერ გამეორება არ სჭირდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი