ახალი ამბები

რატომ არ დახვდნენ მაღალჩინოსნები ამერიკულ სამხედრო ხომალდს

24 ოქტომბერი, 2019 • 2181
რატომ არ დახვდნენ მაღალჩინოსნები ამერიკულ სამხედრო ხომალდს

22 ოქტომბერს, ბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) შემოვიდა. ნავსადგურში შემოსულ საზღვაო ხომალდის ეკიპაჟს ოფიციალური პირებიდან მხოლოდ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე დახვდნენ.

დახვედრის ცერემონიალში მონაწილეობა არ მიუღიათ საქართველოს თავდაცვის და არც სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს.

24 ოქტომბერს, ბათუმიდან გემის გაცილების საზეიმო მიღებაზე ოფიციალური პირებიდან მხოლოდ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი იმყოფებოდნენ.

იყო თუ არა მოწვეული საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ან თავდაცვის მინისტრი და თუ არის თქვენთვის ცნობილი, რატომ არ ჩამოვიდნენ ისინი – ეს კითხვა ჟურნალისტებმა დღეს, 24 ოქტომბერს, დაუსვეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდს.

„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ დიდი მხარდაჭერა იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ ვიზიტის მომზადებაში. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა და კმაყოფილები ვართ მოსული სტუმრებით,“ –  თქვა რუდმა კითხვის პასუხად.

განმეორებით დასმულ კითხვაზე, თუ იცოდა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, რატომ არ მივიდნენ საქართველოს მთავრობის წევრები ოფიციალურ მიღებაზე, რუდმა თქვა:

„კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ჩვენ ძალიან მოხარული ვართ იმ ოფიციალური პირების ჩართულობით პორტერის დახვედრაში, იმ აქტივობებში, რაც მათ განახორციელეს. ხვალ იგეგმება ერთობლივი წვრთნები“.

ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა და კითხვებისთვის არ უპასუხია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს.

„მე აქ გახლავართ,“ – მოკლე კომენტარით შემოიფარგლა სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე.

USS Porter (DDG 78)  Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. ხომალდს შეუძლია მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.

ხომალდი USS Porter-ი წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი