ახალი ამბებიეკონომიკა

აუთვისებელი 20-მილიონიანი საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მცირე ბიზნესისთვის

24 ოქტომბერი, 2019 • 4352
აუთვისებელი 20-მილიონიანი საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მცირე ბიზნესისთვის

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით, რომელიც მთავრობამ მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცა და აპრილიდან უკვე ამოქმედდა, ამ დრომდე არავის უსარგებლია. ამის შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ გაავრცელა. აღნიშნული ინფორმაცია ნეტგაზეთს სამთავრობო პროგრამის“აწარმოე საქართველოში” დირექტორმა მიხეილ ხიდურელმაც დაუდასტურა.

საუბარია მთავრობის მიერ 2019 წელს დამტკიცებულ პროგრამაზე, რომლისთვისაც ბიუჯეტში 20 მლნ ლარია გამოყოფილი. საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი გულისხმობს გარანტიის გაცემას ისეთი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ ბანკებში სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. ანუ სახელმწიფო თავდებში უდგება იმ ბიზნესებს, ვისაც სესხის ასაღებად საკმარისი რესურსი არ აქვს. საკრედიტო გარანტია გაიცემა ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ოდენობით. ამასთან, გარანტიები შეეხება მხოლოდ ლარში აღებულ სესხებს.

პარლამენტის წევრმა ლევან კობერიძემ ამ საკითხზე სადეპუტატო კითხვით  ეკონომიკის მინისტრსაც მიმართა. კობერიძე დაინტერესდა, პროგრამის ფარგლებში რა პროექტები განხორციელდა 2019 წლის განმავლობაში. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, მცირე და საშუალო ბიზნესს ამ პროექტის მიმართ ინტერესი არ გამოუხატავს:

“საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში საკრედიტო გარანტიის გაცემა დამოკიდებულია კერძო სექტორის ინიციატივასა და მათი მხირდან აღნიშნული ინსტრუმენტით სარგებლობის სურვილზე. ამ ეტაპზე, აღნიშნული სქემის ფარგლებში, არ არის გაცემული საკრედიტო გარანტია. ასევე, არ არსებობს წინასწარი ინფორმაცია დაგეგმილი პროექტების თაობაზე, რადგან ორივე ზემოაღნიშნულს კერძო სექტორის მიმართვიანობა განაპირობებს“, – ნათქვამია წერილში, რომელიც დეპუტატმა კობერიძემ ნათია თურნავასგან მიიღო.

საკრედიტო საგარანტიო სქემას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ახორციელებს. სააგენტოს ხელმძღვანელი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ფართო საინფორმაციო კამპანიას გეგმავს, რომლის დიდი ნაწილიც საკრედიტო საგარანტიო სქემას დაეთმობა. მიხეილ ხიდურელი გვეუბნება, რომ განაცხადების მიღება არააქტიურ თვეში დაიწყეს. მისივე თქმითვე, მართალია, სახელმწიფო  პროგრამა აპრილში ამოქმედდა, თუმცა განაცხადების მიღება აგვისტოში დაიწყო.

“ასეთ პროგრამას გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ კერძო სექტორის მხრიდან სწორად გაგება მოხდეს. მოგეხსენებათ, აგვისტო ყველაზე არააქტიურია, შესაბამისად, ჩათვალეთ, რომ პროგრამის დაწყებიდან რეალურად ორი თვე გავიდა.”

კითხვაზე, ჩავარდა თუ არა 2019 წელს საკრედიტო-საგარანტიო სქემა, ხიდურელი პასუხობს: “სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ პროგრამა იყოს გამართული… დიახ, გეთანხმებით, ბენეფიციარი არ გვყვავს, თუმცა ყველაფერი სახელმწიფოზე დამოკიდებული არ არის და ბევრი რამ კერძო სექტორისა და ბანკებზეც არის. როდესაც კერძო სექტორს თვისობრივად ახალ პროგრამას ვთავაზობთ, მოლოდინი იმის, რომ ამ თანხის ათვისება უცებ მოხდება, არ იყო. ასე იყო ჩვენს სხვა პროგრამებზეც… როცა ინფორმაციის მიწოდება უფრო ფართოდ მოხდება და ბიზნესიც ერთმანეთში გაავრცელებს ამას, უკეთესი შედეგი გვექნება. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყოდი, რომ ეს პროგრამა ჩავარდა.”

ლევან კობერიძე კი მიიჩნევს, რომ  მთავრობას ან არ სურს ამ პროექტის განხორციელება და 20 მლნ ლარის დახარჯვა, შესაძლოა, სხვა მიმართულებით სურდეს, ან მთავრობამ უმოქმედობის გამო ბიზნესს ინფორმაცია ვერ მიაწოდა. 

“რა ფართო კამპანია… წელი დამთავრდა თითქმის. საახალწლო კამპანიას დაიწყებენ?! ხომ უნდა შეიტანოს განაცხადი მეწარმემ, შემდეგ განხილვა უნდა იყოს… 20 მილიონია გათვალისწინებელი… მცირე და საშუალო ბიზნესია მთავარი პრობლემა დღეს საქართველოში, როცა ეკონომიკის ინკლუზიაზე ვსაუბრობთ. ადამიანებამდე დოვლათის მიმტანი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იყოს, რომლის წილი, სამწუხაროდ, ქართულ ეკონომიკაში ძალიან პატარაა. რა განმარტება უნდა გააკეთონ?! წელს ეს პროგრამა ფაქტობრივად ჩაშლილია”, – უთხრა ნეტგაზეთს კობერიძემ. 

დეპუტატი დასძენს, რომ მის მიერ ზემოხსენებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოქალაქეები უკავშირდებიან და ამ პროექტთან დაკავშირებით ეკითხებიან. ერთ-ერთი ასეთი, ვინც ლევან კობერიძეს მისწერა, თორნიკე ბახტაძეა. ის ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ფლობს აქციებს რამდენიმე კომპანიაში, რომელთაგან ზოგი სასათბურე მიმართულებაზე მუშაობს, ზოგიც- დეველოპმენტზე. ბახტაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ აქტიურად ადევენებს თვალს მიმდინარე პროცესებს, აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს, თუმცა ამ პროექტის შესახებ არაფერი გაუგია.

“საიდან უნდა გაგვეგო, გამოქვეყნდა სადმე?”, – ამბობს ის ნეტგაზეთთან და დასძენს, რომ ახლა საკითხს შეისწავლის და ეცდება სქემის ბენეფიციარი გახდეს.

“ვცდიდი მაინც, [რომ მცოდნოდა] რამდენად გამოვიდოდა, არ ვიცი, [ქაღალდზე] კარგად ჟღერს, შესასწავლია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ხოლმე, ამ ქვეყანაში ფინანსურ რესურსებზე წვდომა ყველაზე რთულია. ვცდიდი, თუ გამოვიდოდა, რატომაც არა. ფეისბუკის აქტიური მომხმარებელი ვარ, ვადევნებ თვალყურს ყოველდღიურად ნიუსებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ლევანისგან გავიგე ეს ინფორმაცია გუშინ თუ გუშიწინ”, – გვეუბნება თორნიკე.

მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე ვარაუდობს,რომ  ამ პროგრამის შესახებ ბიზნესს საკმარისი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ჭელიძე განმარტავს, რომ თავად საგარანტიო სქემა ახალი პროდუქტია და გასაკვირი არ არის, თუ ამ დროში მიმართვიანობა არ ყოფილა. ნეტგაზეთის კითხვაზე, ეკონომიკის სამინისტროს თუ მიუმართვს მისთვის, გამართულიყო შეხვედრა ასოციაციის წევრებთან, სადაც ამ პროგრამაზე იქნებოდა საუბარი, ჭელიძე გვპასუხობს, რომ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.

“ჩემი აზრით საკმაოდ მცირე ვადაა [პროგრამის ამოქმედებიდან გასული]. ასევე, სავარაუდოდ, ინფორმაციის ნაკლებობაც არის. ზოგადად ბიზნესს ინფორმაცია თუ არ მიაწოდეს, ასე ვერ გაიგებენ… ასეთი პროდუქტი [საკრედიტო-საგარანტიო სქემა] საქართველოში აქამდე არ ყოფილა, შესაბამისად, ასეთი პროდუქტი რომ შეიქმნა, ეს ინფორმაცია ბიზნესს უნდა მიეწოდოს. როცა მსგავსი სიახლე არის ხოლმე, კარგი იქნება, მცირე ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის პორტალიდან გაუგზავნოს მეწარმეებს. მაგალითად, ამ ინსტრუმენტს ზედამხედველობის სამსახური ძალიან კარგად იყენებს”, – ამბობს ჭელიძე.

სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, სესხის მოცულობა  50 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე უნდა იყოს. ამას გარდა, მსესხებლის ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში საშუალოდ 20 მლნ ლარს არ უნდა აღემატებოდეს. მარტში მიღებული დადგენილების თანახმად, სახელმწიფო ითხოვს, რომ ახალი საწარმოს გახსნის შემთხვევაში წარმოების დაწყება მოხდეს კრედიტის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში, ხოლო არსებული საწარმოსთვის განსაზღვრულია 12 თვე.

პროგრამა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს

  • წარმოება და გადამუშავება;
  • სასტუმრო ინდუსტრია;
  • ელექტროენერგიის წარმოება;
  • საგანმანათლებლო საქმიანობა;
  • ტრენინგ ცენტრები;
  • სერვისების ექსპორტი;
  • მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ლაბორატორიები;

მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ საგარანტიო სქემის მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. ამასთან, ამ პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის დაკრედიტებას, რაც უზრუნველყოფს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

მასალების გადაბეჭდვის წესი