ახალი ამბები

რადგან სტრასბურგმა წამოიწყო საქმე, ამოქმედდნენ — მაჩალიკაშვილი მაღალჩინოსნების დაკითხვაზე

23 ოქტომბერი, 2019 • 818
რადგან სტრასბურგმა წამოიწყო საქმე, ამოქმედდნენ — მაჩალიკაშვილი მაღალჩინოსნების დაკითხვაზე

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი და ახლანდელი მაღალჩინოსნების დაკითხვას უკავშირებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მისი შვილის საქმის განხილვის დაწყებას.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ.

„გამოძიება დაწყებული არც ყოფილა, არც დასრულდება იმიტომ, რომ გამოსაძიებელი არაფერია… რადგან სტრასბურგმა წამოიწყო ეს საქმე, ამოქმედდნენ, ხალხს პასუხი ხომ უნდა გასცენ? ყველაფერი იმით დასრულდება, რომ სახელმწიფო აღიარებს დანაშაულს, რაც ხეობაში ჩაიდინეს“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

სტრასბურგის სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა. ოჯახი სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სიცოცხლის უფლების, წამების ამკრძალავი მუხლისა და ეფექტიანი სასამართლოს უფლების ხელყოფას ედავება.

სპეცოპერაცია, რომლის დროსაც მაჩალიკაშვილს თავში ესროლეს, 2017 წლის დეკემბრის ბოლოს ჩატარდა პანკისში, მაჩალიკაშვილების სახლში. მას სახელმწიფო აკავშირებდა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერთან, აჰმედ ჩატაევთან, რომელიც 2017 წლის დეკემბერში ისნის სპეცოპერაციისას მოკლეს. თუმცა მაჩალიკაშვილისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი, მშობლები — მალხაზ და მედიკო მაჩალიკაშვილები — თვეებია შვილის საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით აქციებს მართავენ და ხელმოწერებს აგროვებენ. ისინი ითხოვენ, რომ სახელმწიფომ მათი შვილის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული აღიაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი