ახალი ამბები

გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე მაჩალიკაშვილის გამოძიების ფარგლებში დაკითხეს

22 ოქტომბერი, 2019 • 2509
გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე მაჩალიკაშვილის გამოძიების ფარგლებში დაკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა, რომ ვახტანგ გომელაური პროკურატურაში ამ საქმეზე გამოკითხეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაგვიდასტურა ირაკლი ჩიმაკაძის დაკითხვა ამავე გამოძიების ფარგლებში.

ვახტანგ გომელაური ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრია, ირაკლი ჩიმაკაძე კი კვლავ სუს-ის ანტიტერორისტულ ცენტრს ხელმძღვანელობს. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

პროკურატურას „ნეტგაზეთთან“ ეს ცნობა არ უარყვია. უწყების პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ „თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით“.

ეს ინფორმაცია თავდაპირველად ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ (IPN) გაავრცელა.

პანკისში სპეცოპერაცია 2017 წლის დეკემბრის ბოლოს ჩატარდა, რომლის შედეგადაც თემირლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა. მას სახელმწიფო აკავშირებდა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერთან, აჰმედ ჩატაევთან, რომელიც 2017 წლის დეკემბერში ისნის სპეცოპერაციისას მოკლეს. თუმცა მაჩალიკაშვილისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი, მშობლები — მალხაზ და მედიკო მაჩალიკაშვილები — თვეებია შვილის საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით აქციებს მართავენ და ხელმოწერებს აგროვებენ. ისინი ითხოვენ, რომ სახელმწიფომ მათი შვილის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული აღიაროს.

ოჯახი სახელმწიფოს ედავება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სიცოცხლის უფლების, წამების ამკრძალავი მუხლისა და ეფექტიანი სასამართლოს უფლების ხელყოფას. სტრასბურგის სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი