ახალი ამბები

ელისაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, გიორგობის შეწყალებაზე უარი არ თქვას

23 ოქტომბერი, 2019 • 1405
ელისაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, გიორგობის შეწყალებაზე უარი არ თქვას

“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, შეწყალების კომისია დააკომპლექტოს და 23 ნოემბრის პატიმრების შეწყალებაზე უარი არ თქვას. ამის შესახებ ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს 23 ოქტომბერია და ზუსტად ერთ თვეში გიორგობაა. ამასთან, ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, მსჯავრდებულები საპატიმროებში ყოველ რელიგიურ დღესასწაულზე, განსაკუთრებით კი გიორგობას, პრეზიდენტისგან შეწყალებას ელოდებიან.

“მე პირადად ამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, როგორც შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, მიუხედავად იმისა, რომ წლებია შეწყალების კომისიაში აღარ ვარ, უამრავი ადამიანი მწერს და მეკითხება, იქნება თუ არა პრეზიდენტის შეწყალება.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო რამ ჩაიდინა და საკუთარ უფლებამოსილებას დაუწესა მორატორიუმი, ასეთი რამ არის უბრალოდ გაუგონარი. მაგრამ ამის მიუხედავად, მე მივმართავ და მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად მისდამი ჩემი დამოკიდებულებისა, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის უფლებამოსილებას და ვალდებულებებს. მას აქვს ერთი თვე იმისთვის, რომ ნორმალური, წესიერი ადამიანებით დააკომპლექტოს შეწყალების კომისია. შესაბამისად, აამოქმედოს შეწყალების კომისიის დებულება და ის კრიტერიუმები, რომლის შემუშავებასაც უზარმაზარი ენერგია მოვახმარეთ და ერთი თვისთავზე, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ შეწყალებას, გამოავლინოს ჰუმანური დამოკიდებულება.

ეს ერთი თვე მან გამოიყენოს შეწყალების კომისიის დაკომპლექტებაში და შეწყალების ნორმალურად, ადამიანურად ჩასატარებლად. სხვა შემთხვევაში, ის უბრალოდ უნდა გადადგეს. რაში გვჭირდება ასეთი პრეზიდენტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას არ ასრულებს?! არ ვიცი, მას ღირსება აქვს თუ არა, მაგრამ თუ ასე გააგრძელებს, უნდა გადადგეს და წავიდეს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ამავე თემაზე

პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი