ახალი ამბები

ქობულია: არა ვარ დარწმუნებული, რომ ანაკლიის პორტი პოლიტიკურად გვჭირდება

26 ივლისი, 2019 • 3124
ქობულია: არა ვარ დარწმუნებული, რომ ანაკლიის პორტი პოლიტიკურად გვჭირდება

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ანაკლიის პორტზე საუბრისას ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული ანაკლიის პორტის მნიშვნელობაში და გამოდის პროექტის რესტრუქტურიზაციის ინიციატივით. 

ტვ პირველის ეთერში მან 26 ივლისს სკეპტიკურად ისაუბრა ანაკლიის პორტის პროექტის პერსპექტივის შესახებ და ხაზი გაუსვა, მისი აზრით, კომერციულ რისკებს. ამის შემდეგ  ჟურნალისტმა ჰკითხა, მაშინ რა დამოკიდებულება ჰქონდა მთავრობას ამ პროექტის მიმართ, “ეკონომიკური რისკებია, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით გვჭირდება და ამას ვერ ვამბობთ საჯაროდ?” – ამაზე ყოფილმა მინისტრმა ასე უპასუხა:  

“მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ანაკლიის პორტი პოლიტიკურად გვჭირდება. თუ ვამბობთ, რომ გვჭირდება, მაშინ უნდა ვთქვათ, რაში გვჭირდება. აქ ლაპარაკი მიდის მხოლოდ ზერელედ, რომ ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, მაგრამ რას ნიშნავს სტრატეგიული მნიშვნელობა, უნდა ითქვას.  მე ვერ გაგცემთ პასუხს”. 

ქობულიას თქმით, მისი მინისტრობის დროს არ ჰქონია შეხება  რუსეთის მიერ ამ პროექტის ჩაშლის მცდელობასთან, თუმცა ამბობს, რომ ცხადია, ეს რუსეთისვის იქნება პრობლემა ტვირთების გატარების თვალსაზრისით. 

მისი თქმით, როცა მინისტრი გახდა, მოითხოვა პროექტის კომერციული ანალიზი, თუმცა ვერ მიიღო:

“ რომ მოვედი ეკონომიკის მინისტრად, ეჭვი გამიჩნდა ამ პროექტთან დაკავშორებით და მოვითხოვე ამ პროექტის კომერციული ანალიზი, რომელიც ვერც კონსორციუმმა მომცა და ვერც მთავრობამ”, – ამბობს ის. 

ქობულია ამბობს, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ამჟამად არის პოლიტიკური მუხრუჭები, თუმცა ადრე იყო კომერციული მუხრუჭები:

“არის პოლიტიკური მუხრუჭები, მაგრამ ამ პროექტს ჰქონდა კომერციული მუხრუჭები დიდი ხნით ადრე, ვიდრე ამ პროექტის მიმართ პოლიტიკური ვითარება დაიძაბებოდა. 

ამიტომ, ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში მთავრობას უნდა ჰქონდეს იმის შნო, რომ დაჯდეს კონსორციუმთან, დაჯდეს ბანკებთან და გახსნილი საუბარი აწარმოოს იმაზე, თუ რა პრობლემები აქვს, როგორ შეიძლება ეს პრობლემები გადაწყდეს და თუ  ვერ წყდება, მაშინ უნდა მოხდეს პროექტის რესტრუქტურიზაცია”. 

ანაკლიის პორტის პროექტის კომერციული პრობლემის შესახებ საუბრისას ქობულიას არგუმენტად მხოლოდ ის მოჰყავს, რომ  კონსორციუმმა ვერ შეძლო პროექტის პირველი ფაზისთვის 100 მილიონის მობილიზება, ხოლო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციებმა ხელისუფლებას გარანტად ჩადგომა მოსთხოვეს. ყოფილი მინისტრის აზრით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ინვესტორებს და კორპორაციებს არ სჯერათ, რომ ანაკლიის პორტში ჩადებულ ფულს ამოიღებენ და მოგებას ნახავენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი