ახალი ამბები

სუს-ი არ ადასტურებს მაჩალიკაშვილის სპეცოპერაციის მონაწილე სპეცრაზმელის თვითმკვლელობას

23 ოქტომბერი, 2019 •
სუს-ი არ ადასტურებს მაჩალიკაშვილის სპეცოპერაციის მონაწილე სპეცრაზმელის თვითმკვლელობას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) „ნეტგაზეთს“ არ უდასტურებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილე სპეცრაზმელმა თავი მოიკლა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა ცოტა ხნის წინ  გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ წყაროები ეუბნებოდნენ, სპეცრაზმელმა, რომელმაც მის შვილს, თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცოპერაციისას ესროლა, თავი მოიკლა. თუმცა მაჩალიკაშვილმა ასევე თქვა, რომ არ იცოდა, რამდენად მართალი იყო ეს ინფორმაცია.

სპეცოპერაცია, რომლის დროსაც მაჩალიკაშვილს თავში ესროლეს, 2017 წლის დეკემბრის ბოლოს ჩატარდა პანკისში, მაჩალიკაშვილების სახლში. მას სახელმწიფო აკავშირებდა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერთან, აჰმედ ჩატაევთან, რომელიც 2017 წლის დეკემბერში ისნის სპეცოპერაციისას მოკლეს. თუმცა მაჩალიკაშვილისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი, მშობლები — მალხაზ და მედიკო მაჩალიკაშვილები — თვეებია შვილის საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით აქციებს მართავენ და ხელმოწერებს აგროვებენ. ისინი ითხოვენ, რომ სახელმწიფომ მათი შვილის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული აღიაროს.

ოჯახი სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სიცოცხლის უფლების, წამების ამკრძალავი მუხლისა და ეფექტიანი სასამართლოს უფლების ხელყოფას ედავება. სტრასბურგის სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ.

ნახეთ დეტალები:

გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე მაჩალიკაშვილის გამოძიების ფარგლებში დაკითხეს

მასალების გადაბეჭდვის წესი