ახალი ამბები

მე აქ პოლიტიკური სადღეგრძელოების მოსასმენად არ მოვსულვარ – მიქაუტაძე დეპუტატებს

22 ოქტომბერი, 2019 •
მე აქ პოლიტიკური სადღეგრძელოების მოსასმენად არ მოვსულვარ – მიქაუტაძე დეპუტატებს

“მე აქ პოლიტიკური სადღეგრძელოების მოსასმენად ნამდვილად არ ვარ მოსული”, – ასე მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებს.

მანამდე მიქაუტაძე გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ლევან კობერიძემ გააკრიტიკეს და თქვეს, რომ წინა ხელისუფლების დავალებებს ასრულებდა ჯერ პროკურორის და შემდეგ მოსამართლის რანგში, ამის დასტურად კი დაასახელეს 2012 წელს “ქართული ოცნების” შემომწირველების დაჯარიმება, ასევე, “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებისთვის (ვატო შაქარიშვილის ჩათვლით) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

“ძალიან დიდი შეღავათი იყო თქვენთვის ის, რომ დარჩით მოსამართლედ. ამის შემდეგ თქვენი უზენაეს სასამართლოში განწესება იქნება ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც 9 წლის მანძილზე ითმენდა იმ რეჟიმს, რომელზეც არც გინდათ საჯაროდ თქვათ, რომ ავტორიტარული იყო. ამ ხელისუფლების პირობებშიც დარჩებით და შემდეგ შეიძლება კალიგულა მოვიდეს და იმის პირობებშიც იყოთ მოსამართლე. ცოტა პატივისცემა რომ გქონოდათ ქართველი ხალხის 2012 წლის გადაწყვეტილებისადმი, ჩუმად მაინც იქნებოდით და “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის შანტაჟისტად არ იქცეოდით. თქვენი ადგილი უნდა იყოს ციხეში და არა სასამართლოში”, – მიმართა გედევან ფოფხაძემ მიქაუტაძეს.

ლევან გოგიჩაიშვილის აზრით, მიქაუტაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან ადეიშვილის პროკურატურის წარმომადგენელი იყო.

“მერე იყავით ჩვეულებრივი ზონდერ-მოსამართლე. ახლა ზიხართ და გიცავენ [უმრავლესობის წარმომადგენლები]. კი არ უნდა გიცავდნენ, აქ ჯდომის უფლებას არ უნდა გაძლევდნენ. გარიგების გამო ზიხართ აქ, ვიღაცას სჭირდებით, როგორც ყოფილი შემსრულებელი. თქვენზე იცით, რას გვეუბნებოდნენ? –  რა ქნან, რასაც ეტყოდნენ, ასრულებდნენ და ახლაც რასაც ჩვენ ვეტყვით, იმას გააკეთებენო”, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა და დასძინა, რომ მიქაუტაძის კანდიდატურა აუცილებლად “ჩავარდება”.

“ყველაფრის მკადრებლობაზე ცუდი არაფერი არ არის, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მოსამართლის მანტია გაცვია. რას გერჩით ახლა თქვენ? – თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე თქვენი წილი გადაწყვეტილება არ აიღეთ. მაშინ ჯერ ბოდიში მაინც მოიხადეთ. უტიფრობას და ყველაფრისმკადრებლობას – ორივეს ავლენთ მოსამართლეთა დიდი ნაწილი. თქვენ საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებთ”, – მიმართა კობერიძემ მიქაუტაძეს.

დეპუტატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა “ქართულ ოცნებასა და მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს შორის არსებულ გარიგებაზე”, ამავდროულად, აღნიშნა, რომ დემოკრატიულობის ფასადისთვის უმრავლესობა არა 20-ვე კანდიდატს, არამედ უზენაესი სასამართლოს მაქსიმუმ 5-8 წევრს დანიშნავს.

“2012 წლის იანვრიდან ვარ მოსამართლე, მანამდე პროკურორი ვიყავი… ყველა განვლილ დღეზე ჩემს კარიერაში პასუხისმგებელი ვარ – პროკურატურაშიც და სასამართლოშიც. პირნათელი ვარ ჩემი სამსახურის წინაშე. ეს თქვენი არჩევანია ასეთი საუბარი, მე ნამდვილად არ მივცემ თავს იმის უფლებას, მსგავსი ტონით გიპასუხოთ”, – განაცხადა საპასუხოდ გიორგი მიქაუტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი