ახალი ამბებისაზოგადოებატექნოლოგიები

აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევას რუსეთი, ჩინეთი და ირანი ცდილობენ – ცუკერბერგი

21 ოქტომბერი, 2019 • 16663
აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევას რუსეთი, ჩინეთი და ირანი ცდილობენ – ცუკერბერგი

Facebook-ის მფლობელისა და გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის თქმით, აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში რუსეთი, ჩინეთი და ირანი ცდილობენ ჩარევას- წერს NBC News.

როგორც ცუკერბერგმა ტელეარხის წამყვან ლესტერ ჰოლტთან საუბარში განაცხადა, კომპანია აპირებს, არჩევნებში ჩარევის წინააღმდეგ ზომები მიიღოს. კერძოდ, სოციალური ქსელი მონიშნავს, თუკი პოსტი სახელმწიფოს კუთვნილი მედიის მიერაა გამოქვეყნებული და მომხმარებლებს გვერდების წარმოშობაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

“ვხედავთ, რომ მათი ტაქტიკა ევოლუციას განიცდის. დღეს ვაცხადებთ, რომ აღმოვაჩინეთ [არჩევნებში ჩარევის] სხვადასხვა კამპანია. ისინი [კამპანიები] ძალიან დახვეწილია. ეს გვაძლევს იმის სიგნალს, რომ ეს სახელმწიფოები მომდევნო არჩევნებში აქტიურობას აპირებენ“, – განაცხადა ცუკერბერგმა.

ცუკერბერგის თქმით, Facebook-მა აღკვეთა ჩინეთის მცდელობები მომავალ არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით:

“დღეს ვხედავთ, რომ რუსეთი, ირანი და ჩინეთი სულ უფრო და უფრო დახვეწილ ტაქტიკას იყენებენ არჩევნებში ჩარევისთვის. მაგრამ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მე დარწმუნებული ვარ [ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში], რადგანაც ჩვენ 2016 წლიდან აღვკვეთეთ ჩარევა ყველა მნიშვნელოვან არჩევნებში მსოფლიო მასშტაბით: საფრანგეთში, გერმანიაში, ზოგადად ევროკავშირში, ინდოეთში, მექსიკასა და ბრაზილიაში. ის, რომ მოვახერხეთ ამ მცდელობების აღმოჩენა და დამარცხება, იმის სიგნალია, რომ ჩვენი სისტემა ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ადრე“.

როგორც კომპანიამ განაცხადა, Facebook-სა და Instagram-ზე დაბლოკა ანგარიშები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ “კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი