ეროვნული ლიგის 31-ე მატჩი ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „საბურთალოსთან“ ახალი შემადგენლობით – 19 წლამდე ფეხბურთელებით ითამაშა. 19 ოქტომბერს გამართულ მატჩში ასაკით ყველაზე პატარა ფეხბურთელი 13 წლის სოსო კოპალიანი იყო.
მატჩი „საბურთალოს“ გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2:0.
მწვრთნელი იძულებული გახდა სტადიონზე მოზარდები გაეყვანა, რადგან კლუბის ძირითადმა შემადგენლობამ თამაშზე უარი პროტესტის ნიშნად თქვა.
როგორც „ტორპედოს“ ოფიციალური გვერდი წერს, სოსო კოპალიანი “ტორპედოს” ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც უმაღლესი ლიგის განაცხადში 13 წლის ასაკში მოხვდა. ასევე, 16 წლის დავით ასათიანი პირველი ფეხბურთელია, რომელიც ამ ასაკში გუნდის კაპიტანი გახდა.
„საბურთალოსთან“ გამართულ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების ასაკი ტორპედოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა და ასე გამოიყურება:
სოსო კოპალიანი (13 წლის); ლუკა ელბაქიძე (15 წლის); ირაკლი მელქაძე (15 წლის); ლუკა მჟავანაძე (15 წლის); დავით ასათიანი (16 წლის); მურთაზ სანებლიძე (16 წლის); ოთარ აფრიდონიძე (16 წლის); გურამ დეისაძე (16 წლის); სერგი ბაბუნაშვილი (16 წლის); აკაკი მელაძე (16 წლის); ბექა ღირდალაძე (17 წლის); გიორგი აბზიანიძე (18 წლის); ვახტანგ ბოჭორიშვილი (18 წლის); თამაზ შარვაშიძე (18 წლის); იაკობ მაღლაფერიძე (19 წლის); მათე აბულაძე (19 წლის); ლუკა ფიფია (21 წლის); ნიკა ქორიძე (22 წლის).
კრიზისი ქუთაისის „ტორპედოში“ მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბის ინვესტორმა გუნდის დაფინანსება შეწყვიტა.
„კლუბში და საწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო “ტორპედოს” ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს,“ – ეს განცხადება „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა 9 ოქტომბერს გააკეთეს და გუნდის სახელით მატჩებში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
ეროვნულ ლიგაში მეხუთეადგილოსანი საფეხბურთო კლუბი ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ფეხბურთელები ვერ იღებენ ხელფასს, აღარ უფინანსდებათ კვება და მოუწესრიგებელია სავარჯიშო მოედანი.
თუ „ტორპედო“ 19 ოქტომბერს „საბურთალოს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გუნდი, ფეხბურთის ფედერაციის რეგლამენტის თანახმად ავტომატურად მეხუთე ლიგაში აღმოჩნდებოდა. სწორედ ამის გამო, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა გადაწყვიტა, მოედანზე მოზარდი ფეხბურთელები გაეყვანა.
მორიგი თამაში „ტორპედოს“ 27 ოქტომბერს „რუსთავთან“ აქვს ჩანიშნული.