ახალი ამბები

ტორპედოს მწვრთნელი, რომელიც გახარიას პარტიულ სიაში იყო, გაათავისუფლეს

2 ნოემბერი, 2021 • 1544
ტორპედოს მწვრთნელი, რომელიც გახარიას პარტიულ სიაში იყო, გაათავისუფლეს

საფეხბურთო კლუბის, „ქუთაისის ტორპედოს“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი კახაბერ ჩხეტიანი გაათავისუფლა.

ჩხეტიანი ქუთაისის საკრებულოს არჩევნებში პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი პროპორციული სიის მესამე ნომერი იყო. ის საკრებულოს წევრი ვერ გახდა.

კლუბის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება ცუდი სატურნირო შედეგებითაა გამოწვეული.

„ქუთაისის „ტორპედოს“ მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებისა და დღეის მდგომარეობით არსებული სატურნირო ვითარების გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა თანამშრომლობა კახაბერ ჩხეტიანთან.

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის “ტორპედო” გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის კახაბერ ჩხეტიანს და წარმატებას უსურვებს შემდგომ საქმიანობაში“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებას მხარდამჭერთა ნაწილი არ ეთანხმება და მას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

პარტიაში ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.

ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს ეროვნული გათამაშების მე-8 ადგილზე იმყოფება. კლუბმა ბოლოს ჩატარებული 5 მატჩიდან 3 წააგო, 1 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი