ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედო“ „სარაევოს“ დაუპირისპირდა. შეხვედრის დაწყებამდე სტუმარი გუნდის ქომაგებს პოლიციამ ტრიბუნები დაატოვებინა, რასაც ბოსნიური გუნდის უკმაყოფილება მოჰყვა.
მოგვიანებით „სარაევომ“ განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გულშემატკივრის წინააღმდეგ, რომელმაც 2 500 კილომეტრი საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ გამოიარა, ქართულმა პოლიციამ „წარმოუდგენელი ზეწოლა“ განახორციელა და ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე სტადიონიდან გამოყარა.
მომხდართან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ ქუთაისის „ტორპედოს“ ტექნიკურ დირექტორ ლაშა დვალიშვილს დაუკავშირდა. დვალიშვილი აცხადებს, რომ სტუმარ გუნდს დაახლოებით 150 გულშემატკივარი ჩამოჰყვა, რომლებიც ქალაქში მთელი დღის განმავლობაში არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს:
„დილის საათებიდან მოყოლებული დადიოდნენ ქუთაისის ქუჩებში, იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში დილიდანვე. შესაბამისად, ქუთაისის ქუჩებშიც იქცეოდნენ არასათანადოდ. გარკვეული ინციდენტი იყო თამაშის დაწყებამდე შუადღის პერიოდშიც, როდესაც მათ ქმედებას მოჰყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა ქალაქის ცენტრში და შემდგომ ანალოგიური გაგრძელდა ტრიბუნაზეც, როდესაც ჯერ ერთმანეთში ჰქონდათ ფიზიკური დაპირისპირება და როდესაც ჩაერია გასაშველებლად ქართული პოლიცია, მათაც ფიზიკურად დაუპირისპირდნენ“ ,— აცხადებს კლუბის ტექნიკური დირექტორი.
ლაშა დვალიშვილის თქმით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში „სარაევოს“ გულშემატკივრების შეუსაბამო ქცევის გამო სტადიონზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო დაცული. „ტორპედოს“ ტექნიკური დირექტორის თქმით, სტადიონზე მობილიზებული იყო პოლიციის კორდონიც ექსცესების თავიდან ასარიდებლად:
„კლუბის მხრიდან, ქალაქის მხრიდან და სამართალდამცავების მხრიდან აბსოლუტურად ყველა ზომა იქნა მიღებული თამასის დაწყებამდე და კორდონებიც არსებობდა ცოცხალი ძალის, რომ ინციდენტი არ მომხდარიყო თამაშის მიმდინარეობისას. პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება გულშემატკივრების მდგომარეობიდან გამომდინარე“, — აღნიშნავს ლაშა დვალიშვილი.
როგორც ქუთაისური კლუბის წარმომადგენელი აცხადებს, ინციდენტის შედეგად არ დაზიანებულა სტადიონის ინფრასტრუქტურა, ამასთან, გუნდის ტექნიკური დირექტორი აცხადებს, რომ აგრესია ფეხბურთელების მიმართ არ ყოფილა, შესაბამისად, „ტორპედო“ ბოსნიაში გასვლით შეხვედრას უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღების გარეშე გამართავს.
შეხვედრა „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ შორის ფრედ, 2:2 დასრულდა.
„ნეტგაზეთი“ მომხდარზე დამატებითი დეტალის გარკვევას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც ცდილობს. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.