„კლუბში და სამწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო “ტორპედოს” ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს“, – ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალურ ფეიჯზე გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ კლუბის პიარმენეჯერმაც დაუდასტურა.
ეროვნულ ლიგაში მეხუთეადგილოსანი საფეხბურთო კლუბი ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ფეხბურთელები ვერ იღებენ ხელფასს, მოუწესრიგებელია სავარჯიშო მოედანი და ფეხბურთელებს აღარ უფინანსდებათ კვება.
„ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო გუნდი ვეღარ ვარჯიშობს. რამდენიმე თვეა ფეხბურთელებს ხელფასი არ აუღიათ. აღარ ფინანსდება ასევე არც იმ 10-12 ფეხბურთელის კვება, რომლებიც ბაზაზე ცხოვრობდნენ. მოედანზე ფიზიკურად ვეღარ ვარჯიშობენ ფეხბურთელები“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ კლუბის პიარმენეჯერმა ედო ბადალაშვილმა.
კრიზისი „ტორპედოში“ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც ინვესტორს გუნდის წინაშე სახელფასო დავალიანება – დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაუგროვდა.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, კომპანია, რომელმაც „ტორპედო“ 2017 წელს 300 ათას ლარად იყიდა, კლუბიდან ისე წავიდა, რომ დავალიანება არ გაუსტუმრებია.
ქუთაისის მერიაში, რომელიც 2017 წლამდე “ტორპედოს” 100 %-იან წილს ფლობდა, ამბობენ, რომ ეძებენ სამართლებრივ გზებს კლუბის დასახმარებლად.
„მერიას ამ ეტაპზე შეტანილი აქვს სასამართლოში სარჩელი, ვედავებით შპს „ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსს“, ვითხოვთ ტორპედოს 100 %-იანი წილის მერიისთვის დაბრუნებას. ამავდროულად, ეს წილი უნდა დაბრუნდეს ყოველგვარი ვალის გარეშე. სასამართლომ სარჩელი მიიღო წარმოებაში და ვცდილობთ ჩავაბაროთ მოწინააღმდეგე მხარეს, ამის შემდეგ სასამართლო ჩანიშნავს პროცესს.
“ტორპედოს“, დღეის მდგომარეობით, 3 მილიონამდე ვალი აქვს როგორც ბანკის, ასევე კერძო პირების სახელფასო დავალიანება. ამავდროულად, მიდის მოლაპარაკება შესაძლო ინვესტორთან. ვცდილობთ, რომ გუნდს პატრონი გამოვუნახოთ, რათა ეს პრობლემები აღმოიფხვრას. საუბარი არის იმაზე, რომ დღეს კვების თანხა არ აქვთ ფეხბურთელებს და ვეძებთ სამართლებრივ გზას, რომ როგორმე დავეხმაროთ გუნდს. დღეს გუნდი არ არის ქალაქის საკუთრება და ეს კიდევ ერთი ხელშემშლელი ფაქტორია“, – ამბობს ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი გიორგაძე.
მისივე ინფორმაციით, გუნდისთვის დახმარების თაობაზე გადაწყვეტილება უახლოეს ორ დღეში იქნება მიღებული.
ირაკლი გიორგაძის ინფორმაციით, ქუთასის „ტორპედოს“ შპს „ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსი“ ფლობს. კომპანიაში 60%-იან წილს ფლობს მალხაზ ჩაჩავა, ჩინური კომპანია – 35%-იან წილს, გიორგი საგანელიძე კი -5 %-ს.
ქუთაისის „ტორპედომ“ 19 ოქტომბერს ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი უნდა ჩაატაროს „საბურთალოსთან“. შექმნილი მდგომარეობის გამო მატჩის ბედი გაურკვეველია.
თუ ფეხბურთელები მოედანზე არ გავლენ, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გუნდი, ფეხბურთის ფედერაციის რეგლამენტის თანახმად ავტომატურად აღმოჩნდება მეხუთე ლიგაში.