“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI) სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში, ან მის საქვეუწყებო დაწესებულებებში.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა, თუმცა მსგავსი ფაქტები გვხვდება ცენტრალურ ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემაში.
TI-ის განცხადებით, ყურადღება გაამახვილეს ისეთ ფაქტებზე, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 350-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 40-ზე მეტი საყურადღებო შემთხვევა გამოყვეს, რომელიც შესაძლოა ნეპოტიზმისა და ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავდეს.
ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივ ხელისუფლებაში ხშირია თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმება მისი ოჯახის წევრის რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხშირია ადგილობრივი თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა დასაქმება მუნიციპალურ სსიპ-ებსა და აიიპ-ებში.
ამასთან, TI აღნიშნავს, რომ არის შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მუშაობენ იმავე უწყებაში, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის დარღვევაა, გარდა კონკურსის წესით დანიშვნის შემთხვევებისა.
გარდა ამისა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მომზადებული დოკუმენტით, სასამართლო სისტემაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეების ოჯახის წევრები საქმდებიან იმავე სისტემაში, ზოგიერთ შემთხვევაში- იმავე რაიონულ სასამართლოში.
რაც შეეხება პარლამენტს, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სადეპუტატო მანდატის მიღების შემდეგ საჯარო სამსახურში ოჯახის წევრების დასაქმების ტენდენცია საქართველოს პარლამენტშიც იკვეთება. TI-ის მიხედვით, ყველა დეპუტატი, რომლის ოჯახის წევრიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევები აუცილებლად არ გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა და მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენებას.
თუმცა TI აცხადებს, რომ საქართველოში არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების ხარვეზების გათვალისწინებით, ასეთი შემთხვევების სიმრავლე მიუთითებს სისტემური პრობლემის არსებობასა და მასზე ეფექტური რეაგირების საჭიროებაზე:
“ამავე დროს, კვლევა ემყარება მხოლოდ თანამდებობის პირების მიერ 2015-2018 წლების ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულ მონაცემებს და ამდენად, პრობლემის სრულ მასშტაბს ვერ ასახავს (კანონის მიხედვით, “ოჯახის წევრში” იგულისხმება მხოლოდ პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი)” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
როგორც TI განმარტავს, კვლევის თავდაპირველ ვერსიაში ნახსენები იყო დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. თუმცა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მონაცემების შემდგომი გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ მცხეთის სამედიცინო ცენტრი, სადაც ხუნდაძის მეუღლე მუშაობს, კერძო ორგანიზაციაა (და არა სახელმწიფო) შესაბამისად, დიმიტრი ხუნდაძის სახელი სიიდან ამოღებულია.