“რატომ უნდა ვიყო?“, – ზურაბიშვილმა ასე უპასუხა რამდენიმე დღის წინ შეკითხვას, ხომ არ იმყოფებოდა გამოკითხვაზე შეწყალების საქმეზე. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი თქვა, რომ პრეზიდენტი რომ იყოს, აუცილებლად მივიდოდა პროკურატურაში კითხვებზე პასუხების გასაცემად.
საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ როდესაც პროკურატურა დაინახავს საჭიროებას, შეწყალების საქმეზე მიმდინარე გამოძების ფარგლებში გამოკითხავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
“როდესაც დადგება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, მისი პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ. ამჟამად იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, ვისი საჭიროებაც არის. თუ დადგება პრეზიდენტის გამოკითხვის საჭიროება, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად”, – უთხრა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს დღეს, 18 ოქტომბერს, პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების, რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმე ეხება პრეზიდენტის მიერ 2019 წლის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმართა შეწყალებას.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჯერჯერობით გამოკითხული არ არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პროკურატურაში მხოლოდ მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.