კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) კომპანია „კავკასუს ონლაინს“ „კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას“ ავალებს.
17 ოქტომბერს გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მარეგულირებელმა შპს „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად ცნო და „კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა“.
GNCC-ის განმარტებით, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ავტორიზებული პირი, ანუ ამ შემთხვევაში „კავკასუს ონლაინი“, ვალდებულია, 5%-ზე მეტი წილის გასხვისების განზრახვის შემთხვევაში კომუნიკაციების კომისიას მიმართოს და მისგან მიიღოს თანხმობა.
თუმცა, მარეგულირებლის თანახმად, „კავკასუს ონლაინმა“ წილები კომისიის წინასწარი ინფორმირების გარეშე გაასხვისა, რითაც, მათი განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. მარეგულირებელმა კომპანიას წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის სამი კვირის ვადა განუსაზღვრა.
კომისიის განცხადებით, წილების გასხვისების, შერწყმის ან შესყიდვის დროს პრინციპულად მნიშვნელოვანია, ავტორიზებულმა პირმა თანხმობისთვის მიმართოს კომისიას, რათა კომისიამ ბაზარზე არსებული მდგომარეობა შეისწავლოს და შეაფასოს, ესა თუ ის გადაადგილება ბაზარზე კონკურენციის კუთხით რამე გავლენას ხომ არ ახდენს.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ეხება „კავკასუს ონლაინს“, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ცვლილებას, იმიტომ, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციამ გარკვეული საკომუნიკაციო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, არა მხოლოდ საქართველოს შიდა ბაზარზე შეიძლება მოახდინოს გავლენა, არამედ რეგიონალურ ბაზარზე მის კონკურენტუნარიანობას შეიძლება მიაყენოს ზიანი. ყველას კარგად გვესმის, რომ შესაძლოა ბენეფიციარის ცვლილებასთან ერთად გარკვეულ სტრატეგიებში და სამომავლო ხედვებში ფუნდამენტური ცვლილებები მოხდეს, სწორედ ამ რისკების დაზღვევისთვის ითვალისწინებს კანონმდებლობა კომისიის წინასწარ ინფორმირებას და საკითხის საფუძვლიან შესწავლას. ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ ბენეფიციარის ცვლილება მოხდა და სერიოზულ დარღვევასთან გვაქვს საქმე. „კავკასუს ონლაინი“ ერთადერთი მსხვილი რეგიონალური ინფრასტრუქტურული მოთამაშეა, რომელიც ევროპულ რეგიონს პირდაპირ აკავშირებს ჩვენს რეგიონთან. სწორედ ამიტომაც არის აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე.
მარეგულირებლის ცნობით, „კავკასუს ონლაინმა“ ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება 2016 წლის ოქტომბერშიც განახორციელა, თუმცა მაშინ აღნიშნული ცვლილება კომისიის თანხმობით მოხდა და კომპანიას დაევალა, რომ ნებისმიერი სხვა ცვლილების დროს კომისიისგან წინასწარი თანხმობა მიეღო, რასაც, უწყების თანახმად, 2019 წელს განხორციელებული ცვლილებების დროს ადგილი არ ჰქონია.
„კავკასუს ონლაინს“ ამჟამად ორი მესაკუთრე ჰყავს: უცხოური საწარმო International Online Networks LLC, ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.), რომელიც 63.8%-ს ფლობს, და ნელგადო ლიმითედი, ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.), რომელიც 36.2%-ს ფლობს.
2019 წლის მაისამდე ამ ორ კომპანიას შორის წილების გადანაწილება შემდეგნაირი იყო: International Online Networks LLC — 52.73%, ნელგადო ლიმითედი — 47.27%.