ახალი ამბები

არმინეს წინააღმდეგ, ანუ ქალების წინააღმდეგ 

17 ოქტომბერი, 2019 • 3177
არმინეს წინააღმდეგ, ანუ ქალების წინააღმდეგ 

ავტორი: სოფო კილასონია

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყველაზე აქტიური სივრცე, ანუ ფეისბუქი ერთხმად ალაპარაკდა „გუჩის“ სამოდელო სახლის მილანურ ჩვენებაზე. ჩვენების ერთ-ერთი ეპიზოდი მოიცავდა განსხვავებული გარეგნობის ადამიანების ერთნაირ სამოსში მსვლელობას. ჩვენებას ჰქონდა თავისი კონცეფცია, პოლიტიკურ-სოციალური კონტექსტი. რაკი თანამედროვე მოდის ინდუსტრია პრეტენზიას აცხადებს იყოს ხელოვნება, რომელიც სხვადასხვა სოციალურ თემასა და გამოწვევას ეხმიანება. ამის მიუხედავად, ჩვენი ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა “სილამაზე”. “სილამაზე” ჩვენთვის აღმოჩნდა კრიტერიუმი, რომელმაც უნდა განსაზღვროს ადამიანის ხილვადობის შესაძლებლობა ისეთ საჯარო მასკულტურულ პროცესში, როგორიც მოდისა და დიზაინის დათვალიერების აქტია.

“სრულიად გაუგებარია მისი არჩევა…”,  “მას არ აქვს არანაირი ფიშკა… უკაცრავად და რა ხდება? გვაჯერებენ რომ ლამაზია?” მოდა იმისთვის არის, შევხედო და მომეწონოს”,  მოდელი უნდა იყოს ისეთი, რომ დანახვისას მესიამოვნოს” – ეს ციტატებია. ამ ციტატებს შორის და ქვეშ უხვად გახლდათ წარმოდგენილი ქართველი გოგოების და ბავშვების ფოტოები. კომენტარებით, რომ “სვანებს არავინ შეედრება”,  “თბილისელი გოგოები არ უნახავთ მაგათ” და ა.შ. მაშინ, როდესაც 23 წლის სომეხ არმინე არუთინიანს იწუნებდნენ სოციალურ ქსელში, გაუცნობიერებლად თუ ცნობიერად საჯარო ხილვადობის სივრციდან დევნიდნენ ყველას, ვისი სხეულის პარამეტრებიც არ ეთანხმება თანამედროვე ქართველის სილამაზის კრიტერიუმებს.

ეს ახალი არ არის. პერიოდულად საქართველოში ვლინდება, რომ საზოგადოება მზად არის გარეგნობის მიხედვით განსაზღვროს, რისი უფლება აქვს ადამიანს და რისი – არა. უმეტეს შემთხვევაში ეს ტენდენცია აისახება ქალებზე. მაგალითად, ორი წლის წინ, როცა მხედველობის პრობლემის მქონე ქალმა გამოხატა წუხილი იმის გამო, რომ მან ვერ მიიღო თეატრალური განათლება,  დიდი ვნებით წამოიწია დისპუტი იმის შესახებ, რომ მსახიობი უნდა იყოს ლამაზი. შესაბამისად, არა მხოლოდ სცენა, არამედ სახელოვნებო განათლების მიღების უფლებაც გარეგნული მონაცემებით განისაზღვრება. მაგრამ თეატრში სიარულის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სტანდარტულ სილამაზეს უფრო ქალებში აკონტროლებენ, ვიდრე კაცებში.

ის, რაც გვგონია ჩვენი უაღრესად ზუსტი და დახვეწილი ესთეტიკის შეგრძნების უნარი – სილამაზის აღქმა, სინამდვილეში არასდროს ყოფილა არც უტყუარი, არც უნივერსალური და მეტიც, არც საზოგადოების საკუთარი აღქმების ნაყოფი. ეპოქიდან ეპოქაში ტრადიციები, მოთხოვნები, პოლიტიკური პრიორიტეტები და ელიტები,  ხელოვნების თუ ეკონომიკური ბაზარი არეგულირებდა სილამაზის ფორმულას. წვრთნიდა თვალს და ამა თუ იმ მოცემულობის კულტივირებას ახდენდა. თუმცა კულტურის ისტორია იცნობს მცდელობებს, ზუსტად ამოეცნოთ მარადიული სილამაზე. ბაზრის მიერ ფორმირებულ სტანდარტს მიღმა გამოეცნოთ ხელუხლებელი და ურყევი. პრინციპში, ამ თეორიებს უმთავრესად ხელოვნებაში ცდიდნენ. თეორია სიმეტრიის შესახებ, თეორია ფორმის და სხეულის სიმრთელის შესახებ. ვინ მოთვლის… ხელოვნებაში განსხეულებულ ვერსიებს მაინც ყოველთვის ჯაბნიდა ისეთი ძლიერი მოტივები, როგორიც იყო ხან შიმშილი, ხან სიმაძღრე. ხან ომი არეგულირებდა ახალ ხედვას, ხან მშვიდობისას მონატრებული რაღაც განსხვავებული, ჯერ არნახული და უცხო.  ლამაზი იყო ის, რაც აქ და ახლა არ იძებნებოდა.

ხელოვნება აირეკლავდა არა მხოლოდ სილამაზის ტრენდებს, არამედ ასახავდა კიდევ უფრო უცნაურსა და მწვავეს – კულტურაში პრიორიტეტების ცვლილებას. იცვლება გარემოში ფასეულობა, იცვლება ლამაზიც. თუ დარჩები რომელიმე ერთი კულტურული სივრცის კონტექსტის ერთგული, მაგალითად, იტალიური აღორძინების, ვერასდროს გაიგებ გოტიკურ სილამაზეს. თუ დარჩები ჩრდილოევროპული სილამაზის საზღვრებში, ვერ გაიგებ ბაროკოს ეპოქის მშვენიერების სტანდარტს. რომ იგრძნო, რატომ იყო ესა თუ ის გამოსახულება ლამაზი, იმ ეპოქის კულტურულ-პოლიტიკურ-სოციალურ და ხანაც უბრალოდ ყოფით გარემოს უნდა დააკვირდე. მაშინდელ საჭიროებას. დღევანდელი აღქმა ყოველთვის გაგიჩენთ პროტესტს საუკუნეებისწინანდელი ლამაზმანების მიმართ. მაგრამ თუკი დღევანდელობასა და სილამაზეზე ვისაუბრებთ, ჩნდება ეჭვი, რომ დღევანდელობას აქვს პრეტენზია მოსპოს და დააკანონოს ძალიან შუასაუკუნოვანი და იქნებ ძალიან არადემოკრატიული ცნება სილამაზისა. დიდი ხანია უკვე, რაც სილამაზე ხელოვნების ობიექტი არ არის.  ხელოვნება საუკუნეზე დიდ ხნის წინ გაემიჯნა ტკობობას და სიამოვნებას. მაგრამ ეს უკვე თანამედროვე ხელოვნების ამბავია და არა დღევანდელი საუბრის თემა. ფაქტი ჯიუტია, რომ თანამედროვე მოდა დღეს ზუსტადაც რომ ესტეთიკურის და მიმზიდველის ახალ ობიექტს ეძებს. უარყოფს იმას, რაც გუშინ თავად შექმნა. რამაც ჩიხში შეიყვანა.

ამ ცვლილების შედეგს ქართული საზოგადოება შეეჯახა შარშანაც. როდესაც ვიქტორია სეკრეტის სახლმა სახედ შეარჩია არა გამორჩეულად დახვეწილი და მოდელის  ყველა პარამეტრით იდეალური ქართველი ქალი. არამედ აფროამერიკელი, არანასწავლი და არადარეგულირებული მიმიკითა და სიცილით. გამორჩეული სახასიათო იერით. მარავალფეროვნება და მულტიკულტურალიზმი თანამედროვე დასავლეთის ახალი პოლიტიკური ტრენდია და ამას იზიარებს უკვე კულტურის ყველა სფეროც.

იცვლება მოდა და ჩვენ, ტრადიციულად მიმბაძველებს,  ეს გვტკივა. ისე როგორც ეტკინებოდა ცენტრში მიმდინარე  პროცესებს ჩამორჩენილ პერიფერიას. რომელსაც კარგად არ ესმის და ხანდახან არ სურს გაიგოს, რა ხდება გარეთ.

თანამედროვე ხელოვნების ლიბერალურ და პლურალისტურ  ფასეულობებს ძალიან ჩამორჩენილი რამდენიმე ინდუსტრია, მაგალითად, მოდის, ცდილობს დაეწიოს არა მხოლოდ ხელოვნებას, არამედ საზოგადოებას, რომელიც ვეღარ იწონებს პროფესიებს, სადაც დაიჩაგრება ინდივიდი, პიროვნება. ქალი. მოდას სურს   გახდეს ღია, მრავალფეროვანი და აქტუალური, ანუ პოლიტიკური. ასეთ პროცესში პირველი რაც ინგრევა, ხელმიუწვდომლობაა. არა მხოლოდ ძვირფას ტანსაცმელზე, არამედ ხელმიუწვდომლობა იდეალურ გარეგნობაზე. იდეალური გარეგნობა, რომელიც იყო უპირველესად ქალების, მაგრამ ზოგადად ადამიანების გამორჩევა-ჩაგვრის მასტიმულირებელი, ნელ-ნელა სხვადასხვა სახეს იძენს.   დღეს იდეალური უთანაბრდება ადამიანურს. პროცესი, რომელიც ბევრად ადრე დაიწყო ხელოვნების სხვა დარგებში, დაჩქარებულად და საკმაოდ აგრესიულად იკრებს ძალას მოდის ინდუსტრიაში. ასეთ დროს მოდელი აღარ არის მანეკენი, რომელიც უნდა გაზომო. მოდელი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი და არა სადღაც ზემოთ დადგენილი სახე, ხასიათი და თვისება. მისი ინდივიდუალიზმი ხდება კონცეფციის ნაწილი, ან იქნებ თანაავტორიც კი. ის ხდება შინაარსის მატარებელი, სამოსთან ერთად.

საქართველოში, ისე როგორც მოდის  ინდუსტრიის არაერთ პერიფერიაში, მოდა იმაზე უფრო ფაშისტურ და სექსისტურ პროცესად ჩამოყალიბდა, ვიდრე თავის დროზე ცენტრში. აქცენტი გაკეთდა არა იმდენად დიზაინის სფეროს განვითარებაზე, რამდენადაც სამოდელო ბიზნესზე. 90-იან წლებში ყალიბდებოდა სამოდელო სააგენტოები და არა დიზაინის სახელოსნოები. სააგენტოები კი პოპულარიზაციას უწევდნენ მოზარდებს შორის რჩეული სხეულების მქონე ბავშვების შერჩევას.

საქართველოში მოხდა ტრადიციული საზოგადოებისა და სამოდელო ბიზნესის ერთგვარი ქორწინება. საკმაოდ ისტერიული.  მოზარდი გოგონების ფიზიკური სილამაზის კულტივირება, რაც უმეტესად მოაზრებული იყო წარმატებული, მაგრამ, როგორც წესი, ნაადრევი ქორწინების წინაპირობად. შესაბამისად, მოდელი საქართელოში დღესაც უნდა ნიშნავდეს ადამიანს, რომლის შეხედვისას ყველა იგრძნობს სიამოვნებას, ამიტომაც გასაგებია, რატომ ვითხოვდით   არმინესგან სიამოვნებას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავად მოდა აღარ ითხოვს სიამოვნებას, ის ითხოვს სიმართლეს, სიმართლე კი უმეტესად სხვაგან არის და არა სივრცეში, სადაც პლასტიკური ქირურგია ყველაზე წარმატებული დარგია მედიცინაში, ხოლო ადამიანები სხეულის დეკონსტრუქციაზე უფრო მეტს ზრუნავენ, ვიდრე სხვა რამეზე. იმიტომ, რომ აქ გარეგნობა აყალიბებს არა მხოლოდ იდენტობის აღქმას,  არამედ მომავლის დაგეგმვის სტარეტეგიასაც.

ტკივილი, რომელიც უპირველესად განადგურებული თვითშეფასებით საზრდოობს, ამ შემთხვევაში სომეხ მოდელზე აირეკლა, თუმცა ისევ მასზე იმეტყველა, ვისაც სტკივა – ანუ ჩვენზე.

ყველაზე ნიშანდობლივი მაინც ბოლოსკენ მოხდა. არმინემ ქართველ ჟურნალისტთან საუბარში არ შეიმჩნია ბულინგი და დაცინვა, რომელიც მის ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ქართველებმა განახორციელეს, მან გულთბილად მოიკითხა ქართველი ერი და გამოხატა წუხილი ოკუპაციის გამო. ამის შემდეგ საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფმა პროქართული ემოციებისა და აზრების გამო თითქოს შეუნდო არმინეს. ეს იყო ჰუმანიზმი ქართულად. ხაზი გაუსვა იმას, რომ კარგი ადამიანია. და ისევ, ხალხური და ვადაგასული იდეა ამობრწყინდა, “ადამიანობაა მთავარი!” რაც კიდევ ერთხელ, ოღონდ უკვე ქვეტექსტში, მისი გარეგნობის კრიტიკად უნდა მოვიაზროთ.

არმინე კი ფიქრობს, რომ ყველა ეპოქას თავისი ლამაზები ჰყავს. რითიც მიანიშნებს, რომ დღეს თუ არა ხვალ ნამდვილად ის იქნება ლამაზი. და თუ დავაკვირდებით, როგორ იცვლება ახალი ეპოქის ფასეულობები და ნარატივები, მივხვდებით, რითი დაუპირისპირდება წინა ეპოქის სტანდარტულობის ტირაჟირებას ახალი ეპოქა. მივხვდებით, რომ არმინე უფრო გრძნობს თანამედროვე დროს, ვიდრე ადამიანები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვისიმე გარეგნობა საჯაროდ განიხილონ.

თუკი ამ ახალ ეპოქაში ჯერ კიდევ არ დაეზარებათ სილამაზეზე მსჯელობა, მის მნიშვნელობად მოიაზრებენ იმას, რაც გადაურჩება ტირაჟირებადი მასკულტურული ინდუსტრიების ხანას, რაც გადარჩება ფაშისტურ-ელიტური პროცესების საბოლოო ამოწურვის შემდეგ – ეს  იქნება უნიკალურობა, შენარჩუნებული მულტიეთნიკურობა და ინდივიდუალური შინაარსი. ზუსტად ის, რის დაცვასაც გვაიძულებს ევროგაერთიანების კულტურის პოლიტიკის მთავარი პოსტულატები. მაგრამ იმ ახალ ეპოქაში დასავლურ კულტურად მოვიაზრებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ლიბერალური ფასეულობები მართლაც დამკვიდრდება ჩვენს კულტურაში, დამკვიდრება კი მაშინ მოხდება, როცა ისინი გადაწონის და შთანთქავს ჩვენში ჩვენ მიერ არაღიარებულს ფაშიზმს, სხვისა და განსხვავებულის დამცირების უზარმაზარ ვნებას. როგორ უნდა შევძლოთ ეს? ეს ჯერ უცნობი საკითხია.


პროექტი “ფემინსტრიმი” პოდკასტების სერიაა, რომელსაც  წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. კონტენტი მომზადებულია ქალთა ფონდის მიერ. 

მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი