ახალი ამბები

დვალი და აქიმიძე სასამართლოს მიმართავენ რ2-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად

16 ოქტომბერი, 2019 •
დვალი და აქიმიძე სასამართლოს მიმართავენ რ2-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რ2-ის საქმეზე სამოქალაქო დავას იწყებენ სასამართლოში. ამის შესახებ ინფორმაცია იურისტმა კახა კოჟორიძემ გაავრცელა, ნეტგაზეთს  კი დავით დვალმა დაუდასტურა.

“რუსთავი 2-ს მე ვუყურებ ისე, როგორც მშობელი უყურებს შვილს და უნდა, რომ იყოს ბედნიერი და თავისუფალი“ – ეს სიტყვები თქვა დავით დვალმა 2019 წლის 26 ივლისს პარლამენტში, დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. ზუსტად ეს განწყობა ჰქონდა აქიმიძეს. მათ უარი თქვეს ხალვაშის შეთავაზებაზე და არ წავიდნენ გარიგებაზე. პარლამენტში შეხვედრას ვესწრებოდი. მათმა სიტყვებმა და ამ პრინციპულმა დამოკიდებულებამ სამართლებრივი დახმარების სურვილი გამიჩინა. ისინი დააზარალა ორმა ხელისუფლებამ – ერთმა წაართვა რუსთავი 2, მეორემ კი მიზანმიმართულად არ გამოიძია და არ დაუბრუნა. მათთან ერთად მთელი საზოგადოება დავზარალდით. 2004 წლიდან გასული იყო 15 წელი და ორი ხელისუფლების გაფუჭებული საქმიდან იურიდიული გამოსავალი არ ჩანდა. შევისწავლე ეს საქმე და სამართლებრივი კუთხით დაუჯერებლად მარტივი გამოსავალი მოვნახე. რამდენიმე დღეში შევხვდი მათ, ავუხსენი, იურიდიულად რა იყო გასაკეთებელი. მათ მოეწონათ ეს გზა და დავიწყეთ მუშაობა… ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარჩელი გამოვიდა, რაც კი ოდესმე დამიწერია. ხვალ, 17 ოქტომბერს, ფონდ ღია-საზოგადოება საქართველოს ოფისში 13:00 საათზე ყველა მედიასაშუალებას გიწვევთ პრესკონფერენციაზე, სადაც ჩვენი სამართლებრივი ბრძოლის სტრატეგიაზე ვისაუბრებთ და თქვენს კითხვებს ვუპასუხებთ. ხოლო 15:00 საათზე სარჩელს შევიტანთ თბილისის საქალაქო სასამართლოში”, – ნათქვამია კოჟორიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კოჟორიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ერთი მოპასუხე იქნება ქიბარ ხალვაში, რომელიც მის კომპანია პანორამასთან ერთად დღეს რ2-ის 100%-იან წილს ფლობს, ხოლო მეორე- პაატა კარსანიძე, ვინც 2004 წელს დვალი/აქიმიძისგან წილი “ფორმალურად იყიდა და ერთ დღეში გაასხვისა”.

დვალი და აქიმიძე რ2-ის წილის 60 პროცენტის დაბრუნებას მოითხოვენ უკან. დანარჩენ დეტალებზე რ2-ის დამფუძნებლები ხვალ აპირებენ საუბარს.

დავით დვალის ინტერვიუს თუ როგორ წაართვეს მას რ2, გაეცანით აქ:

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

მასალების გადაბეჭდვის წესი