ჩუგოშვილი: ბოლო არჩევნებში 49% გვქონდა და ჩვენი ამოცანაა, ეს მაჩვენებელი გავაუმჯობესოთ

პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ამოცანა 2020 წლის არჩევნებზე იქნება წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგის გაუმჯობესება.

“2020 წლის არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული არჩევნები, რაც გვახსოვს, და ეს არის ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. კონკურენცია იქნება ძალიან მაღალი.  ჩვენი ამოცანა,  ისევ როგორც ყველა სხვა პარტიის, არის, მაქსიმალური ხმები მივიღოთ საარჩევნო პროცესში. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, რომ უმრავლესობა მივიღოთ. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 49% გვქონდა და ჩვენი ამოცანაა, ეს მაჩვენებელი გავაუმჯობესოთ იმიტომ, რომ ამ მონაცემის გაუმჯობესება უკვე ნიშნავს უმრავლესობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გასაკეთებელი ბევრი იქნება.

„მთელი ზაფხული და შემოდგომა გავატარეთ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე.  ის მოთხოვნები და მოლოდინები, რაც მოსახლეობას აქვს, ვცდილობთ მაქსიმალურად აისახოს ბიუჯეტში.  ეს შეხვედრები იყო კარგი შესაძლებლობა, უშუალოდ დავლაპარაკებოდით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ჩვენ თვითონ მოგვესმინა, რა მოლოდინები აქვთ. ეს არის სწორი და კარგი პრაქტიკა და ყოველ წელს ასე უნდა ხდებოდეს“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.​

ამ თემაზე:

მაღალია ალბათობა, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო – კობახიძე 2020-ზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.