საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთპარტიული უმრავლესობა ვერ შედგა, კოალიციის ჩამოყალიბება საკმაოდ რთული იქნება და შესაძლოა, ხელახალი არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო.
“შემდეგი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო მრავალპარტიული, ვიდრე დღევანდელი, გამომდინარე პროპორციული სისტემიდან და გამომდინარე ნულოვანი ბარიერიდან. თუმცა ყველა ვხედავთ, რომ სპექტრი ისე ჩამოყალიბებულია, რომ თუ ერთპარტიული უმრავლესობა ვერ შედგა, კოალიცია ჩამოყალიბდება ისევ “ქართული ოცნების” ქვეშ, ან თეორიულად- “ნაციონალური მოძრაობის” ქვეშ. ეს არის ორი თეორიული ალტერნატივა. აქედან გამომდინარე აქტუალურია ორპარტიულ დაპირისპირებაზე ყურადღების გამახვილება”, – განაცხადა კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არ გამორიცხავს საქართველოში ისრაელის სცენარის განვითარებას, როდესაც მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო უმრავლესობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოაგროვა და საჭირო გახდა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
“თვითონ კოალიციის ჩამოყალიბებაც საკმაოდ რთული იქნება შემდეგ პარლამენტში. თუ “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოიპოვა მანდატების 45% მაინც, შემდეგ პარლამენტში, სავარაუდოდ, კოალიციის შექმნა ძალიან გართულდება და შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს. ანუ ჩვენ დაახლოებით მივიღებთ იმ შედეგს, რაც დღეს არის ისრაელში, როდესაც ორი არჩევნები ჩატარდა და გამომდინარე იქიდან, რომ არის რადიკალური სხვადასხვაობა მოსაზრებებში თუ შეხედულებებში კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, დღემდე ვერ იკვრება კოალიცია ვერც ერთ და ვერც მეორე მხარეს. მაღალია ალბათობა იმისა, რომ ასეთი შედეგი დადგეს და საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – იმ შემთხვევაში, თუ “ქართულმა ოცნებამ” ხმების მინიმუმ 45% არ მოაგროვა, თუმცა 45% და უფრო მაღალი შედეგიც საკმაოდ რეალურია”, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია, 2020 წლის არჩევნებზე ხმების 50%-ზე მეტი მიიღოს. ამასთან, მიიჩნევს, რომ ძირითადი ოპოზიციური პარტიების გარდა, ყველა სხვა პარტია ერთად 10%-ზე მეტს ვერ აიღებს. კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს კოალიციის შექმნაზე წითელი ხაზები გავლებული აქვს “ნაციონალურ მოძრაობასთან”, “ევროპულ საქართველოსთან” და “პატრიოტთა ალიანსთან”.
“მომდევნო ერთი წელიწადი საზოგადოებაში არ არის ისეთი განწყობა, რომ გინდა თუ არა, გარანტირებულად თქვა, რომ ყოველი მეორე ამომრჩეველი ხმას მოგცემს ერთ წელიწადში. ამისთვის სერიოზული მუშაობაა საჭირო. ჩვენ ერთი წელი გვაქვს მოსამზადებლად, არა მარტო მოსამზადებლად, არამედ საქმის გასაკეთებლადაც. ერთი წელი საკმაოდ დიდი დროა. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამ ერთი წლის განმავლობაშიც. გარდა ამისა, საარჩევნოდ ჩვენ ვგეგმავთ ამომრჩევლისთვის ისეთი პროგრამის შეთავაზებას, რომელიც “ქართული ოცნებისთვის” ხმის მიცემის საფუძველი უნდა გახდეს”,- განაცხადა კობახიძემ.