ახალი ამბები

ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულებას არ შევწყვეტთ – ცქიტიშვილი

15 ოქტომბერი, 2019 •
ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულებას არ შევწყვეტთ – ცქიტიშვილი

კაპიტალის შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და სასესხო ვალდებულებების შესახებ პირველადი საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას არ აპირებს.

ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა “იმედის”  ეთერში განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გვაძლევს სრულ უფლებას, ხელშეკრულება მოვშალოთ დღესვე იმის გათვალისწინებით, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულა ვერც საკუთარი კაპიტალის მოპოვების ვალდებულება და ვერც ბანკებთან წინასწარი შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არცერთ ჩვენს ოპონენტს, მათ შორის კონსორციუმს – სამწუხაროდ, უკვე პოლიტიკურ ოპოზიციას, ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მთავრობას დააბრალოს რაიმე სახის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამ პროექტის განხორციელებაში, ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და ჩვენ მივცემთ კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე ამოწუროს მისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს და მოიპოვოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე, საერთაშორისო ბანკებიდან 400-მილიონიანი სესხი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, იგი მიესალმება ინვესტორიების არსებობას, რომლის შესახებაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

“სწორედ ამის გამო არ შევწყვეტთ ამ ხელშეკრულებას, არ მოვშლით მას და კონსორციუმს მივცემთ შესაძლებლობას და მის ინვესტორებს, რომ მიაღწიონ შეთანხმებებს იმისთვის, რომ ამ პროექტში მოიზიდონ კაპიტალი”, – დასძინა მაია ცქიტიშვილმა.


დღეს, 15 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, როცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის საკუთარი კაპიტალის შევსების დამადასტურებელ დოკუმენტაცია და სასესხო ვალდებულებების შესახებ პირველადი საბუთები უნდა წარედგინა.

საინვესტიციო ხელშეკრულებით საკუთარი კაპიტალი, რაც კონსორციუმმა პარტნიორების მეშვეობით უნდა წარუდგინოს მთავრობას, დაახლოებით 120 მლნ დოლარია. რაც შეეხება სესხს, უკვე რამდენიმე თვეა, კონსორციუმი ოთხ საფინანსო ინსტიტუტთან დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

კონსორციუმის დირექტორ ლევან ახლვედიანის თქმით, კონსორციუმმა მთავრობას წარუდგინა წერილი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი პორტის პროქტისთვის საჭირო მომავალი ნაბიჯები. ამ წერილის გარდა კი, დღეს მთავრობისთვის სხვა დოკუმენტაციის წარდგენას არ აპირებენ. კონსორციუმი მთავრობას პროექტის საბოტაჟირებაში ადანაშაულებს. მთავრობის საბოლოო პოზიცია ხვალ გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი