“თუ ადამიანი გამოიყურება როგორც ივანიშვილის ნაყიდი, მებრძვის მე ფორმულით “ყველა მინუს მიშა”, არის ოლიგარქის ხელის ბიჭი” – ამ ტექსტით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე ტექსტს აქვეყნებს. ამავე პოსტში სააკაშვილი პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერს, იაროსლავ კაჩინსკის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და ამბობს, რომ კაჩინსკის პარტიამ პოლონელი “ქოცები” და “ევროქოცები” დაამარცხა:
“თუ ადამიანი გამოიყურება როგორც ივანიშვილის ნაყიდი, საუბრობს, როგორც ივანიშვილისგან ფულის ამღები, მებრძვის მე ფორმულით “ყველა მინუს მიშა”, ის არის ოლიგარქი ხელის ბიჭი და ივანიშვილი ნაყიდი. საქართველოში აუცილებლად გათენდება! P.S. ვულოცავ ჩემს მეგობარ კაჩინსკის პოლონეთში არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას! გამარჯვება იქაურ ქოცებზე და ევროქოცებზე! მალე საქართველოში!” – წერს სააკაშვილი.
ეგზიტპოლების ცნობით, პოლონეთის მმართველმა „კანონისა და სამართლის პარტიამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, წერს „Deutsche Welle“.
ეგზიტპოლის თანახმად, „კანონისია და სამართლის პარტიამ“ ხმათა 43,6% მიიღო, ხოლო ოპოზიციურ „სამოქალაქო კოალიციას“, რომელიც შედგება ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმისგან“ და სხვა მცირე ლიბერალური პარტიებისგან, ხმათა 27,4% ხვდა წილად.
გარდა ამისა, პარლამენტში მოხვდება მემარცხენე ალიანსი ხმების 11,9 პროცენტით, კონსერვატიული „პოლონეთის სახალხო პარტია“ 9,6 პროცენტით და ულტრამემარჯვენე „კონფედერაცია“ 6,4 პროცენტით.
თუკი ეგზიტპოლების შედეგები დადასტურდება, „კანონისა და სამართლის პარტიას“ 460-იანი დეპუტატისგან შემდგარ სეიმში, პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში 239 წარმომადგენელი ეყოლება, საკმარისი მთავრობის ფორმირებისთვის. არჩევნებში გამარჯვების შესახებ უკვე გამოაცხადა „კანონისა და სამართლის პარტიის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ.