ახალი ამბები

მალავს თუ არა თავაძე შემოსავლებს? – მოსამართლის პასუხი მის დეკლარაციაში არსებულ შეუსაბამობებზე

10 ოქტომბერი, 2019 •
მალავს თუ არა თავაძე შემოსავლებს? – მოსამართლის პასუხი მის დეკლარაციაში არსებულ შეუსაბამობებზე

“ევროპული საქართველოს” წევრ ხათუნა გოგორიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს დეკლარაციაში არაზუსტი ინფორმაცია აქვს შეტანილი.

ხათუნა გოგორიშვილმა თავაძეს ჰკითხა, 2004 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, რაც დეკლარაციებს ავსებს,  რამდენად არის შეცვლილი მისი ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა, რაზეც თავაძემ აღნიშნა, რომ “შეცვლილია და შესაძლოა, ძალიანაც”. გოგორიშვილი დაინტერესდა, სხვა შემოსავალი ხომ არ ჰქონია, გარდა ხელფასის და ლექციებს ანაზღაურებისა, რაზეც თავაძემ უპასუხა, რომ არა. ზაზა თავაძემ აღნიშნა, რომ ამჟამად მისი მეუღლე არ მუშაობს.

“თქვენი ეს პასუხი ნიშნავს, რომ არასწორი ინფორმაცია შეგაქვთ დეკლარაციებში იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც თქვენი მეუღლე გახდა, თქვენს მეუღლეს მხოლოდ 2016-17 წლებში აქვს მითითებული, რომ მუშაობდა განათლების სამინისტროში სპეციალისტად. სხვა არცერთი წლის დეკლარაციაში რაიმე ანაზღაურება არ ჰქონია. ხომ არ მიიღო რამე მემკვიდრეობა, რაც თქვენი მეუღლე გახდა?”, – ჰკითხა გოგორიშვილმა თავაძეს.

ზაზა თავაძემ აღნიშნა, რომ მისი მეუღლის ოჯახი ყაზახეთში ბიზნესს ფლობდა, რომლის გაყიდვიდან პერიოდულად ღებულობდა წილს.

“თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია არის იურიდიული დოკუმენტი, რომლის სწორად შევსება-არშევსებაზე კანონის მიხედვით რეაგირება ხდება. არცერთი წლის განმავლობაში თქვენ მიერ შევსებულ დეკლარაციაში არ არის ნაჩვენები , რომ თქვენს მეუღლეს ჰქონდა შემოსავალი. ჩუქება კანონის მიხედვით დეკლარაციაში უნდა დაფიქსირდეს. არანაირი ჩუქება არ არის დაფიქსირებული. გარდა ამისა, 2018 წლის განმავლობაში თქვენი ოჯახის მიერ გაწეული ხარჯები 470 702 ლარს შეადგენს, შემოსავალი კი – 128 608 ლარს. სადან ეს განსხვავება?”, – ჰკითხა გოგორიშვილმა თავაძეს.

ზაზა თავაძემ გოგორიშვილს მეუღლის ანგარიშებზე მიუთითა, თუმცა, დეპუტატის თქმით, 26 000 დოლარზე მეტი არც ზაზა თავაძის მეუღლის ანგარიშს მოკლებია, შესაბამისად, შემოსავლის დიდი ნაწილი დაუსაბუთებელია.

“ვაფასებ, რომ ძალიან კარგად შეგისწავლიათ ჩემი დეკლარაციები, მაგრამ რაღაც ტექნიკური ცდომილებები გაქვთ აქ. ბინა გავყიდეთ და ის ფულია, დაფიქსირებულია დეკლარაციაში”, – აღნიშნა თავაძემ.

“საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის” მიერ გამოქვეყნებული პორტფოლიოს თანახმად, 2019 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე ზაზა თავაძის შემოსავალსა და გასავალს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი ფიქსირდება. კერძოდ, კანდიდატმა წლის განმავლობაში მიიღო 117,648 ლარი, რასაც ემატება წინა წლის დანაზოგი – 17,162 ლარი, ხოლო ხარჯმა 470,702 ლარი შეადგინა. გაწეულ ხარჯებში შედის: მიწის ნაკვეთის შეძენა, სახლის მშენებლობის დაწყება, სასესხო მომსახურებისა და შვილების სწავლის საფასურის გადახდა. საბოლოო ჯამში, შემოსავალსა და გასავალს შორის
უარყოფითი ბალანსი 335,857 ლარს უტოლდება, “რაც დაუზუსტებელია, საიდან ანაზღაურდა. სავარაუდოდ, ამ ხარჯების დასაფარად არც მეუღლის დანაზოგები გამოყენებულა, ვინაიდან ქალბატონი თეა ძოწენიძის ანგარიშზე, თანხის კლების ნაცვლად, მატების ტენდენცია ფიქსირდება”.

აღსანიშნავია, რომ ზაზა თავაძეს ერთხელ უკვე უფიქსირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა  თანამდებობის პირის ფინანსურ დეკლარაციაში აღმოჩენილი უზუსტობისთვის, რის გამოც მოსამართლე  1400 ლარით დაჯარიმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი