ახალი ამბები

ვინ არის და რა პრიორიტეტები აქვს “ოცნების” მომავალ დეპუტატ თემურ გოცირიძეს

8 ოქტომბერი, 2019 •
ვინ არის და რა პრიორიტეტები აქვს “ოცნების” მომავალ დეპუტატ თემურ გოცირიძეს

ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე მეცხრე მოწვევის პარლამენტში თემურ გოცირიძე იქნება.

“ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტში გადანაცვლებაზე უარი თქვა.

ზარქუასგან განსხვავებით, თემურ გოცირიძე პარლამენტში შესვლას აპირებს. ის ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლებს შორისაა და მმართველ გუნდთან კომუნიკაცია 2012 წლიდან არ გაუწყვეტია, “ეხმარებოდა არჩევნებში” და სხვა. 2016 წელს თემურ გოცირიძემ “ქართულ ოცნებას” 40 000 ლარი შესწირა.

თემურ გოცირიძე პროფესიით სოციოლოგია და ამჟამად დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით. ის არის საქართველოს სახალხო დიპლომატიის ცენტრ “პერსონის” პრეზიდენტი; საქართველოს ბიზნესმენთა და მენეჯერთა ქრისტიანული კავშირის ვიცეპრეზიდენტი; ასევე, გოცირიძეების საგვარეულო კავშირის საპატიო თავმჯდომარე.

“მე ვარ სოციოლოგი. ვიკვლევდი არაქართულ მოსახლეობასთან ქართველების ურთიერთობებს. დავაფუძნე სახალხო დიპლომატიის ცენტრი “პერსონა”, რომელიც, რა თქმა უნდა, ფუნქციონირებს. იმ ხანებში მე ვიყავი შეხვედრაზე ქართულ დელეგაციასთნ ერთად, ვხვდებოდი აფხაზებს და ოსებს თურქეთში და სხვადასხვა ქვეყნებში. მათთან მოვილაპარაკეთ და მე თბილისში გავაკეთე ბიზნესცენტრი, იმათმა – ცხინვალში და სოხუმში. აშშ და სხვადასხვა ქვეყნები გვიგზავნიდნენ ჰუმანიტარულ ტვირთს და ვანაწილებდი სამ ნაწილად. ვმუშაობდით ხალხთაშორისი ურთიერთობის გაღრმავებაზე”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გოცირიძემ.

თემურ გოცირიძე ამბობს, რომ პარლამენტში მისი საქმიანობის პრიორიტეტი სწორედ აფხაზებთან და ოსებთან ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარება იქნება. კითხვაზე, რა მიმართულებით იმუშავებს საკანონმდებლო ორგანოში, მომავალი დეპუტატი პასუხობს:

“ეკონომიკური გაძლიერება, ყოველმხრივი გაძლიერება, მათთან დამეგობრება და  ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოს საფუძვლის ჩაყრა… საუბარი ოსებთან, აფხაზებთან და მათ შორის, რუსებთანაც. რა თქმა უნდა, ვგულისმობ თანაბარ დიალოგს. ძალიან კარგია რუსეთთან დიალოგის ორივე არსებული ფორმატი და პლუს ამას, უფრო გაფართოება ფორმატების, თუმცა ჩვენი მიმართულება ევროკავშირის და ამერიკისკენაა”, – განაცხადა გოცირიძემ.

მომავალი დეპუტატი ამბობს, რომ საპარლამენტო საქმიანობაში გარკვეული ხარვეზები ჩანს, თუმცა, რაც კეთდება პარლამენტში და მთლიანად ქვეყანაში, ძირითადად იმედის მომცემია. განსაკუთრებით მოსწონს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. გოცირიძის თქმით, წლებია ორ პოლიკლინიკას ფლობს და ადამიანებს”უფასოდ ეხმარება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი