ახალი ამბები

სიაში ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე ზარქუა დეპუტატობაზე უარს ამბობს

7 ოქტომბერი, 2019 • 2341
სიაში ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე ზარქუა დეპუტატობაზე უარს ამბობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს. მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი მომდევნო პლენარული სესიის კვირაში უყრის კენჭს.

ზარდიაშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი “ქართული ოცნების” პროპორციული სიით გახდა. აღნიშნული სიის მიხედვით, ზარდიაშვილი პარლამენტში ირაკლი ზარქუამ უნდა ჩაანაცვლოს. თუმცა ზარქუა ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილეა.

“პარლამენტის წევრობა თითოეული მოქალაქისთვის დიდი პატივია, მაგრამ რამდენიმე თვის წინ საკრებულოს უმრავლესობამ თავმჯდომარის მოადგილედ ამირჩია და გარკვეული პასუხისმგებლობები დამეკისრა. აქედან გამომდინარე, პირადად ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ დავრჩე საკრებულოში და უარი ვთქვა პარლამენტის წევრობაზე. მქონდა გუნდთან კომუნიკაცია და ისინი ჩემს ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – განუცხადა ზარქუამ “ნეტგაზეთს”.

ირაკლი ზარქუას შემდეგ “ქართული ოცნების” პროპორციულ საარჩევნო სიაში თემურ გოცირიძე მოდის. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, ვანო ზარდიაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლის კანდიდატურაზე იმსჯელებს.

კიდევ ერთი ახალი დეპუტატი პარლამენტში ლევან მგალობლიშვილია. მისი უფლებამოსილება პარლამენტმა შოთა შალელაშვილს ადგილმონაცვლედ უკვე ცნო. შალელაშვილმა პარლამენტი დატოვა და ბიზნესში დაბრუნება დააანონსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი