ხრაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა. განცხადებას მომხდართან დაკავშირებით რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.
როგორც ნეტგაზეთს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარემ ვიტალი გიორგაძემ უთხრა , შემთხვევა გუშინ მოხდა.
პროფკავშირის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 41 წლის მუშას სამუშაოს შესრლების დროს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. ამ ადგილას სამუშაოებს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო აწარმოებს.
“რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სპეციალისტების წინასწარი მოკვლევის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის მხრიდან დარღვეულია სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების უსაფრთხოების ნორმა და სტანდარტები.
ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ადმინისტრაციის მხრიდან ამ დრომდე არ არის შესრულებული წლების განმავლობაში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების მიერ შრომის უსაფრთხოების კუთხით გაცემული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლეს უდიდეს საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებაში.
მათივე თქმით, კომპანიის მხრიდან ასევე იგნორირებულია სხვადასხვა პერიოდში გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. ხოლო სასამართლოს წარმოებაშია ორი მუშის საქმე, რომლებიც აღნიშნულ გვირაბში მუშაობისას, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად დასახიჩრდნენ.
“რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს რკინიგზას, როგორც დამკვეთ ორგანიზაციას, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც უკვე წლებია დემონსტრაციულად არღვევს ქვეყანაში მოქმედ ყველა სტანდარტს და რეალურ საფრთხეს უქმნის რკინიგზელების სიცოცხლეს!
პროფკავშირი ასევე მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და კომპანია დაისაჯოს უმკაცრესად!“ – ნათქვამია განცხადებაში.
ნეტგაზეთი მომხდართან დაკავშირებით დაუკავშირდა შსს-საც. მათი პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.
გარეკანი ფოტო: რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი