ახალი ამბები

ლევან ხაბეიშვილს ხარაგაულში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

6 ოქტომბერი, 2022 • 883
ლევან ხაბეიშვილს ხარაგაულში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს, ხარაგაულში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილი ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებაში მივიდა და მის უფროსს, კიაზო გამრეკელაშვილს მისსავე კაბინეტში ჰკითხა, რატომ ჰქონდა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით კიკნაძის ოჯახს სოციალური შემწეობა დანიშნული.

„მაინტერესებს, რის საფუძველზე მიეცით და თვლით თუ არა, რომ ხართ სისხლის სამართლის დამნაშავე?“ – უთხრა ხაბეიშვილმა გამრეკელაშვილს. სამსახურის უფროსის თქმით, იმ დროისთვის, როდესაც უწყებაში განაცხადი შევიდა, დავით კიკნაძეს მესამე შვილი შეეძინა და არ იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

საბოლოოდ, ვითარება კაბინეტში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხაბეიშვილმა გამრეკელაშვილს უთხრა, რომ ის არის ქურდი და კორუმპირებული, რაც ამ უკანასკნელმა უარყო.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ხაბეიშვილი გარეთ გავიდა. მალევე, იქვე შეკრებილ პირებსა და ხაბეიშვილს შორის მოხდა დაპირისპირება. კითხვაზე, თუ რატომ იყო მოსული ხაბეიშვილი ხარაგაულში, მან სამსახურთან შეკრებილებს უთხრა :

„ჩემი რწმენითა და ასევე, წარმოვადგენ დოკუმენტაციას, რომ აქ ზის კორუმპირებული ქურდი ადამიანი“.

ამაზე ხაბეიშვილს უპასუხეს, რომ კიაზო გამრეკელაშვილი, რომელიც ახლა „ოცნების“ წევრია, მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო.

ამ შელაპარაკების შემდეგ სიტუაცია კვლავ დაიძაბა, დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება ხაბეიშვილსა და იქ მყოფ მოქალაქეებს შორის. საბოლოოდ, ხაბეიშვილი, სავარაუდოდ, დაცვის თანამშრომლებმა განარიდეს.

ნეტგაზეთი პასუხს ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.


საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოჯახის წევრები სოცდაუცველთა სიაში არიან. კიკნაძე სამ შვილსა და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, რომელიც თავის მხრივ მერიაში მუშაობს.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი