საზოგადოება

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოჯახის წევრები სოცდაუცველთა სიაში არიან

3 ოქტომბერი, 2022 • 1102
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოჯახის წევრები სოცდაუცველთა სიაში არიან

ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი საკრებულოს სხდომიდან პოლიციის ძალით გააძევეს.

ინციდენტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ავალიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ მას არ აწვდიან მოთხოვილ ინფორმაციას იმ საჯარო მოხელეების შესახებ, ვინც სოციალურ დახმარებას იღებს და საკრებულოს ამ ინფორმაციის მოპოვებაში მხარდაჭერა სთხოვა.

საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს იმ არგუმენტით, რომ სხდომის ჩატარების და დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვის საშაულება არ ეძლეოდათ.

თორნიკე ავალიშვილის გაძევების კადრებს მედიაგამოცემა „ჩემი ხარაგაული“ ავრცელებს.

თორნიკე ავალიშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ ხარაგაულში საჯარო მოხელეები იღებენ სოციალურ დახმარებას, მაშინ როდესაც უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეებს სოციალურ დახმარებას უხსნიან, თუ მცირე შემოსავალი დაუფიქსრიდათ.

„სხდომიდან გამაძევეს იმიტომ, რომ ინფორმაციის დამალვა უნდათ.  როგორც გავიგე, საჯარო მოხელეები საკრებულოსა და მერიაში, ასევე, სოფლის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი, არიან სოციალურად დაუცველები. მაგრამ ხარაგაულში გვყავს ადამიანები, რომლებიც მართლაც სოციალურად დაუცველები არიან. მუნიციპალიტეტის სოციალურ სააგენტოს მივწერე წერილი, რომ მოეწოდებინათ მუნიციპალიტეტის მცხოვრებელი სოციალურად დაუცველი იმ პირების ვინაობა, რომლებიც პარალელურად საჯარო მოხელეები არიან“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ავალიშვილმა.

საკრებულოს დეპუტატმა, კონფიდენციალურობის დაცვის არგუმენტით, მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ მიიღო.

„რატომ არ არის ეს ინფორმაცია კონფიდენციალური ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულებისთვის, რომლებიც საარჩევნოდ აკითხავენ სოციალურად დაუცველებს და ეუბნებიან, სოცდაუცველი ხართ და ხომ იცით, ვისაც უნდა მისცეთ ხმა?“ — კითხულობს ავალიშვილი.

ის ფიქრობს, რომ სოცდაუცველების სია პირადი ნომრების დაფარვით უნდა მიეწოდებინათ.

„საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით კიკნაძემ სხდომაზე აღიარა, რომ ის იყო სოციალურად დაუცველი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს აქვს 3 000 ლარი ხელფასი”, – აცხადებს ავალიშვილი და დასძენს, რომ ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელიც არის სოცდაუცველთა ბაზაში.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა დავით კიკნაძეს. ის ამბობს, რომ თავად არა, თუმცა მისი შვილები სოციალური დაცვის პროგრამაში ნამდვილად არიან.

„სამი არასწრულწლოვანი ბავშვი მყავს. ისინი არიან სოციალური დაცვის პროგრამაში, იმიტომ რომ ნაქირავებში ვცხოვრობთ და ქულა მოვიდა 100 000-ზე ნაკლები და მოვხვდით პროგრამაში. მე არ დამიწერია განცხადება. იპოთეკით მაქვს დატვირთული ბინა და სხვა ქონება არ გამაჩნია“, – ამბობს კიკნაძე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით კიკნაძეს ქონებრივი დეკლარაციები აქვს შევსებული, საიდანაც ირკვევა, რომ 3 შვილთან და ცოლთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ია ტაბატაძე ხარაგაულის მერიაში მუშაობს ფინანსისტად და მისი წლიური ხელფასი  გასულ წელს 7500 ლარი იყო (625 ლარი თვეში).

რაც შეეხება საცხოვრებელ ადგილს, კიკნაძე ხარაგაულში ფლობს 91 კვ.მ ფართობის ბინას, რომელიც 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული ჰქონდა, ხოლო 2022 წელს – აღარ. 2022 წლის დეკლარაციაში არც ის აქვს მითითებული, რამდენი იყო გასულ წელს მისი წლიური ხელფასი. რაც შეეხება სესხს, 2022 წლის დეკლარაციის თანახმად გასულ წელს მისი გასავალი 10800 (900 ლარი თვეში) ლარი იყო.

სექტემბერში ხარაგაულში 7636 ადამიანი იღებდა მიზნობრივ საარსებო შემწეობას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის 39.2%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი