ახალი ამბები

საქართველო 180 მლნ ევროს KfW-სა და AFD -სგან ისესხებს

7 ოქტომბერი, 2019 • 1327
საქართველო 180 მლნ ევროს KfW-სა და AFD -სგან ისესხებს

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და  საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) საქართველოს, ჯამში, 180 მლნ ევროს ღირებულების სესხს გამოუყოფს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 60 მილიონი ევრო ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე დაიხარჯება.

“პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ქალაქ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების: დაბა ხელვაჩაურის, მეჯინისწყალის, კახაბერის, ადლია – აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა ინჯალოს რეზერვუარების მიმდებარედ, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის განვითარება და გაფართოება, ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობისა და მეჯინისწყალის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია,” – აცხადებენ უწყებაში.

დანარჩენი 120 მილიონი ევრო კი ენერგეტიკის სექტორს “ენერგეტიკის სექტორის რეფორმა – მეორე ფაზას” მოხმარდება. სასესხო ხელშეკრულებას ხელი დღეს, 7 ოქტომბერს მოეწერა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, სესხის გარდა, გერმანული მხარე საქართველოს 1.8 მილიონი ევროს ოდენობით გრანტსაც გამოუყოფს, რომელიც „ენერგოეფექტურობის ღონისძიებებსა და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოებაზე” უნდა დაიხარჯოს.

“ხელშეკრულებით, ჯამში, გათვალისწინებულია 7.5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების მიღება. პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში 25 საბავშვო ბაღისა და ერთ-ერთი ისტორიული შენობის (შერჩევა KfW-სა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმებით) ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვით რეაბილიტაციას”, – აცხადებენ სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი