ახალი ამბები

შტაინმაიერი: ამჯერად კონკრეტული ინიციატივით არ ჩამოვსულვარ

7 ოქტომბერი, 2019 • 1290
შტაინმაიერი: ამჯერად კონკრეტული ინიციატივით არ ჩამოვსულვარ

გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, საქართველოში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ რაიმე ინიციატივით არ ჩამოსულა.

როგორც შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში ვიზიტის მიზანი უკრაინაში “შტაინმაიერის ფორმულის” მსგავსი წინადადების ჩამოტანა არ ყოფილა.

“არა, მე სრულიად სხვა როლი მაქვს ამჯერად. რაც შეეხება “შტაინმაიერის ფორმულას” უკრაინისთვის, ეს უკვე იქნა შეთანხმებული მაღალი სამიტის დონეზე, უკრაინის, რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტების და გერმანიის კანცლერის მონაწილეობით. ჩემს ვიზიტს რაც შეეხება, ეს არის ვიზიტი, რომლის ფარგლებში შეხვედრებს გავმართავ პოლიტიკურ წრეებთან. ამჯერად ნამდვილად არ ჩამოვსულვართ კონკრეტული ინიციატივით თუ წინადადებით”, – განაცხადა შტაინმაიერმა.

შტაინმაიერის თქმით, ის აცნობიერებს, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელსაყრელი სამეზობლო.

“გერმანია არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ნატოსა და ევროკაშირში ინტეგრაციისა. ჩვენ გვაქვს საამაყოდ ინტენსიური თანამშორმლობა ამ ორი ორგანიზაციის ფარგლებში. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელსაყრელი სამეზობლო, არ არის მარტივი გეოგრაფიული მდებარეობა. მე ხვალ თავად მივემგზავრები ადმინისტრაციული საზღვრისკენ, მივუახლოვდები ცხინვალის რეგიონს. პრეზიდენტმა ახსენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი”, – განაცხადა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ, 6 ოქტომბერს ეწვია. გერმანიის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სახელმწიფო მდივანი, პრეზიდენტის აპარატის უფროსი შტეფან შტაინლაინი, გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე იოჰანეს კარსი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი თომას ბაგერი, პოლიტიკური დირექტორი იენს პლიოტნერი, პრეზიდენტის პირადი ბიუროს ხელმძღვანელი დიორთე დინგერი, პრეზიდენტის სპიკერის მოადგილე და დეპარტამენტის უფროსი ნატალი კაუთერი ესთერ ულეერი.

ამავე თემაზე:

შტაინმაიერი და კონფლიქტის დარეგულირების გეგმა უკრაინისთვის. საქართველოსთვის?

მასალების გადაბეჭდვის წესი