რამდენიმე დღეა უკრაინაში ვნებათაღელვა არ წყდება “შტაინმაიერის ფორმულის” ირგვლივ, რომელზეც კიევმა თანხმობა განაცხადა.
გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და მოქმედი პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის გეგმა ითვალისწინებს დონეცკისა და ლუგანსკისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც იქ ჩატარდება სამართლიანი და თავისუფალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის მიხედევით და რომელიც აღიარებული იქნება ეუთო-ს მიერ. ამასთან, კიევი უნდა აკონტროლებდეს საკუთარ საზღვრებს.
გერმანული გამოცემა Spiegel წერს, რომ უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებები აღნიშნულ ფორმულას სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას უკეთებენ. მთავარი აზრთას ხვადასხვაობა გეგმით გათვალისწინებული ნაბიჯების თანმიმდევრობაშია. კიევი ითხოვს, რომ არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის აღადგენს კონტროლს რუსეთთან საზღვრის მონაკვეთზე, ხოლო რუსი სამხედროები დატოვებენ დონბასს. ამრიგად, უკრაინას სურს, მისი კანდიდატები გაიყვანოს არჩევნებში.
“არ იქნება არანაირი არჩევნები ავტომატის ლულის ქვეშ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთს კი სურს, ჯერ არჩევნები ჩატარდეს, სხვა ყველაფერი კი როგორმე შემდეგ განვითარდება. ასევე, მოსკოვი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ “შტაინმაიერის ფორმულაში” დონბასიდან რუსეთის სამხედრო ძალის გასვლის მოთხოვნა ნახსენებიც არ არის.
უკრაინის ოპოზიციამ, რომელიც ამ ვითარებაში დონბასში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუძლებლად მიიჩნევს, ე.წ. შტაინმაიერის ფორმულაზე დათანხმება კაპიტულაციად შეაფასა. კიევის ქუჩებში პირველ ოქტომბერს მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.
“შტაინმაიერის ფორმულა” პუტინის ფორმულაა და რადიკალურად ცვლის მინსკის შეთანხმებების თანმიმდევრობას”, – განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.
“შტაინმაიერის ფორმულა” კონფლიქტის მხარეებისთვის პირველად ჯერ კიდევ 2015 წელს იქნა შეთავაზებული, თუმცა ერთობლივი შეთანხმება ამ დრომდე არ გაფორმებულა. ნავარაუდევი იყო, რომ “შტაინმაიერის ფორმულას” უნდა დაეჩქარებინა მინსკის შეთანხმებების შესრულება და რუსეთისთვის სანქციების მოხსნა.
ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა მარტინ საიდიკმა განმარტა, რომ “შტაინმაიერის ფორმულის” საერთო ტექსტი არც არსებობს და მხარეებმა აღნიშნულ ინიციატივაზე თანხმობა მხოლოდ ეუთოსადმი გაგზავნილი წერილების საფუძველზე დაადასტურეს.
დონბასის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონი, მოქმედი რედაქციით, 2019 წლის 31 დეკემბრამდე ძალაშია. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრმლობით იქნება მიღებული ახალი კანონი და “შტაინმაიერის ფორმულა” სწორედ მასში იქნება გათვალისწინებული.
“ნორმანდიული ოთხეულის” (რომელშიც რუსეთი, უკრაინა, საფრანგეთი და გერმანია შედიან) სამიტის თარიღი საბოლოოდ გაირკევევა მას შემდეგ, რაც ლუგანსკის ოლქში, პეტროვსკოედან და ზოლოტოედან ძალების დაშორიშორება დადასტურდება. მოვლენათა ნორმალურად განვითარების შემთხვევაში ამას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა.
კიევის გადაწყვეტილებას მიესალმა ევროკომისია და იმედი გამოთქვა, რომ ყველა მხარის ძალისხმევით საბოლოოდ შესაძლებელი გახდება მინსკის სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაცია.
შტაინმაიერი და საქართველო
“შტაინმაიერის ფორმულის” ირგვლივ უკრაინაში განვითარებული ვნებათაღელვის ფონზე, საკამათო გეგმის ავტორი საქართველოში ჩამოდის. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, თბილისს 6 ოქტომბერს ესტუმრება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პატრიარქს და ბიზნესმენებს შეხვდება.
უკრაინისგან განსხვავებით, გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს ამჯერად კონფლიქტის დარეგულირების არანაირ ინიციატივას არ სთავაზობს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
“არანაირი ინიციატივა მას არ ჩამოაქვს საქართველოში. შტაინმაიერის ვიზიტი დიდი ხნით ადრე დაიგეგმა – საქართველოს პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტის დროს. მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ არანაირი ინიციატივით ის არ ჩამოდის, არანაირი წინადადებები მას არ აქვს კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებაში. ეს მხოლოდ სპეკულაციებია. შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმით, რომ უკრაინელმა კოლეგებმა მის მიერ შეთავაზებული წინადადებები განიხილეს, რაც დაკავშირებულია აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან”, – თქვა დავით ზალკალიანმა.
კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე შტაინმაიერის მხრიდან რამე ინიციატივის მოლოდინს, რასაც მინისტრი სპეკულაციას უწოდებს, თავისი საფუძველი და ისტორია აქვს. 2008 წლის ომამდე ცოტა ხნით ადრე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი იყო სამშვიდობო ინიციატივის ავტორი. გერმანიის მიერ შემოთავაზებული სამეტაპიანი გეგმა ითვალისწინებდა:
- ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ერთწლიან ღონისძიებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების ჩათვლით და დევნილების დაბრუნების პროცესის დაწყებას;
- დონორების ჩართულობით აფხაზეთის ეკონომიკურ რეაბილიტაციას;
- აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრას მოლაპარაკებების გზით.
გეგმის გარკვეული კომპონენტები როგორც თბილისის, ისე მოსკოვის და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი გახდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობდა, რომ გერმანული გეგმა იყო “ნაბიჯი სწორი მიმართულებით”, თუმცა პირველი ეტაპისთვის პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება და არა – იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. ოფიციალური თბილისი აცხადებდა, რომ მოსკოვის მცდელობა, ეს ორი საკითხი განაცალკევოს, დევნილების დაბრუნების პროცესის გაჭიანურებას წარმოადგენდა. თბილისი ასევე წინააღმდეგი იყო კოდორის ხეობიდან საპოლიციო ძალების გამოყვანის, რასაც აფხაზური მხარე ითხოვდა. სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ გერმანული გეგმის მიღებაზე თავიდანვე უარი განაცხადა.
საქართველო ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას იხსენებს, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი იყო პირველი და ერთადერთი ოფიციალური პირი დასავლეთიდან, ვინც ქართული მხარე გააფრთხილა, რომ რუსეთთან ომი გარდაუვალი იყო.
“ვფიქრობ, ეს იყო გერმანული დაზვერვის შეფასება. მაშინ შტაინმაიერი ნაჩქარევად ჩამოვიდა საქართველოში. ჯერ ჩვენთან იყო ბათუმში, შემდეგ ლავროვს შეხვდა, შემდეგ გალში ჩავიდა აფხაზების სანახავად და მერე ისევ ბათუმში დაბრუნდა. ნერვიულობდა, იცოდა, შემოჭრა განხორციელდებოდა და უნდოდა ეჩვენებინა, რომ ისინი რაღაცის გაკეთებას ცდილობდნენ. მან ჩვენ გერმანული პირდაპირობით გვითხრა, რომ რუსები შემოიჭრებოდნენ. რესტორანში ვისხედით მთავრობის წევრებთან ერთად. ერთ-ერთმა მათგანმა [თემურ იაკობაშვილმა] ჰკითხა, დაგვეხმარებოდა თუ არა კონფლიქტურ ზონებში საერთაშორისო მშვიდობისმყოფელების განთავსებაში. შტაინმაიერმა ჩანგალი დადო და თქვა: “ბიჭებო, რომელ მშვიდობისმყოფელებზე საუბრობთ, თქვენ აქ მალე ფართომასშტაბიანი ომი გექნებათო”, – ამბობს სააკაშვილი.