“სასურველია, რომ მომავალ წელს საქართველომ ყურადღება გამახვილოს შემდეგ საკითხებზე: უზრუნველყოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის ძალაუფლების ადეკვატური განაწილება და კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები საკონსტიტუციო რეფორმის კონტექსტში; უზრუნველყოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალური კონსულტაციების გამართვა ევროკავშირთან, ასევე, ევროსაბჭოსთან არსებულ ვენეციის კომისიასთან.
გააუმჯობესოს პოლიტიკური კლიმატი – ერიდოს სამაგიეროს გადახდას პოლიტიკური ნიშნით, კონფრონტაციას და პოლარიზებას და უზრუნველყოს სივრცე ოპოზიციისთვის და პარტიებს შორის დიალოგისათვის, რაც მიზნად ისახავს დემოკრატიის განმტკიცებას და ისეთ პრიორიტეტებზე კონცენტრირებას, როგორებიც არის ეკონომიკური განვითარება და გადაუდებელი სოციალური პრობლემები.
მომავალი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ახალი ციკლის დაწყებამდე აღმოფხვრას კანონმდებლობაში და არჩევნების 5 ადმინისტრირებაში ჯერ კიდევ არსებული და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ მითითებული ხარვეზები.
სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად მოახდინოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება სისხლის სამართლის პოლიტიკისა და პრაქტიკის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით; შეიმუშაოს სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ზუსტად განსაზღვრული ნიშნულებით.
უზრუნველყოს, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიება და დევნა წარიმართოს გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად, იყოს პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი, და ითვალისწინებდეს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციებს ამ თვალსაზრისით.
უზრუნველყოს პროკურატურის რეფორმის დასრულება, ასევე უზრუნველყოს პროკურატურის დამოუკიდებლობა პოლიტიკური ზეწოლისაგან და მისი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე.
უზრუნველყოს, რომ წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ზომად, კანონის შესაბამისად, მხოლოდ გამონაკლისი ზომის სახით იქნეს გამოყენებული, რათა, სხვა პრინციპებთან ერთად, დაცული იყოს უდანაშაულობის პრეზუმფცია; გადასინჯოს ადმინისტრაციული პატიმრობის მარეგულირებელი წესები სამართლიანი სასამართლოს ნორმებთან შესაბამისად.
გაზარდოს სამართალდამცველი სტრუქტურების ანგარიშვალდებულების და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობის ხარისხი; დანერგოს დავების განხილვის დამოუკიდებელი და ეფექტიანი მექანიზმი და გამოიძიოს ქონების უფლების დარღვევასთან, წამებასა და ცუდად მოპყრობასთან, ასევე საპროცესო გარიგებების სისტემის არასათანადო გამოყენებასთან დაკავშირებული საჩივრები; გამოიძიოს სამართალდარღვევები – განსაკუთრებით სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები – და განახორციელოს რეფორმები, ასევე აწარმოოს პენიტენციური სისტემის ეფექტიანი მონიტორინგი.
გააგრძელოს სექტორული რეფორმების განხორციელება, დაასრულოს ენერგეტიკული თანამეგობრობის შეთანხმებასთან მიერთების პროცესი და უზრუნველყოს ევროკავშირის კანონთა კრებულთან (acquis) მაღალი სტანდარტით დაახლოება, რათა წარმატებით განახორციელოს ასოცირების შესახებ შეთანხმება/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება; გაზარდოს საზოგადოების ცოდნა ასოცირების შესახებ შეთანხმების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ, ასევე ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებითა და ეკონომიკური ინტეგრაციით მოტანილი სიკეთეების შესახებ.
კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში; გაააქტიუროს სეპარატისტული რეგიონების მიმართ ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება და გადადგას პრაგმატული ნაბიჯები ღია კომუნიკაციისკენ და წაახალისოს და ხელი შეუწყოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ვაჭრობას, გადაადგილებას და 6 ინვესტირებას; ცვლილებები შეიტანოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში და სხვა დაკავშირებულ კანონებსა და ადმინისტრაციულ აქტებში; გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში არსებული კრიზისის საკითხებში და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან.
კიდევ უფრო განამტკიცოს მედიის პლურალიზმი და დამოუკიდებლობა, გამოხატვისა და აზრის თავისუფლება; გააუმჯობესოს და უზრუნველყოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა; აღკვეთოს უკანონო თვალთვალი და მიყურადება: საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციის საფუძველზე გადასინჯოს თვალთვალსა და მიყურადებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა; და გამოიძიოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო ქმედებების ფაქტები.
ეფექტიანად განახორციელოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა; სახალხო დამცველის აპარატისთვის გამოყოს საკმარისი რესურსები, რათა ამ სამსახურმა შეძლოს თავისი ახალი – თანასწორობის დამცველი უწყების – როლის შესრულება; უზრუნველყოს უმცირესობების – მათ შორის რელიგიური უმცირესობების – უფლებების დაცვა.
ეფექტიანად განახორციელოს ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რისთვისაც ყურადღება გაამახვილოს პრიორიტეტებზე ადამიანის უფლებების სფეროში და პოლიტიკის შემუშავებისას ასახოს სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციები.
უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას და სოციალურ პარტნიორებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ საკუთარი ფუნქციები, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების/თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების საფუძველზე”, – ნათქვამია ევროკავშირის რეკომენდაციებში საქართველოს მიმართ.
დღეს, 25 მარტს საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ 2014 წლის ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც სამოქმედო რეკომენდაციებსაც გულისხმობს. დოკუმენტი ასახავს იმ პროგრესს, რომელიც 2014 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდ აჩვენა ქვეყანამ.