ანტიკორუფციული არასამთავრობო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ (TI) სამინისტროებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2018 წელს სამინისტროებს შორის საშუალო ანაზღაურების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა — 5729 ლარი.
მედიანური ანაზღაურებით თუ დავითვლით, იგივე სამინისტრო მეორე ადგილზეა — 4200 ლარით. ამასთან, TI-ს თანახმად, უთანასწორობა სხვადასხვა საფეხურის თანამშრომლობის ანაზღაურებას შორის ამ სამინისტროშია ყველაზე დიდი.
საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას. მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია, შესაბამისად, იმის საჩვენებლად, რამდენად თანაბარი/არათანაბარია ანაზღაურება, მედიანური ხელფასები უფრო რეალურ სურათს აჩვენებს.
TI-ს კვლევის მიზანიც სწორედ ეს იყო — სამინისტროების ცენტრალურ აპარატებში ანაზღაურების უთანასწორობის ანალიზი და ახალი კანონის მიღების შემდეგ ტენდენციის აღწერა. ორგანიზაციამ 2017 და 2018 წლების ვითარება შეაფასა, რადგან 2018 წლის პირველ იანვარს ძალაში შევიდა კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ”, რომლითაც პირველად ქართული საჯარო სამსახურის ისტორიაში ანაზღაურების სისტემა ცენტრალიზებულად მოწესრიგდა.
TI-ის თანახმად, გამოვლინდა, რომ 2017-2018 წლებში რვა სამინისტროდან ხუთში სახელფასო უთანასწორობა გაიზარდა, სამში კი – შემცირდა. რვავე სამინისტროს მაჩვენებლებს ერთიანად თუ შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ საკვლევ პერიოდში სახელფასო უთანასწორობა „თითქმის არ შეცვლილა“.
ორგანიზაცია წერს, რომ ინფორმაცია ათი სამინისტროდან გამოვითხოვეს, თუმცა ფინანსთა სამინისტროსგან ინფორმაცია არ მიუღიათ, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროდან არასრული ინფორმაცია მიიღეს.
2018 წელს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი ეკონომიკის სამინისტროში დაფიქსირდა: 5729 ლარი; შემდეგ ადგილზეა ინფრასტრუქტურის სამინისტრო 5131 ლარით; სხვა სამინისტროებში საშუალო ანაზღაურება 2017 და 2018 წლებში ასეთია:
რაც შეეხება მედიანური მეთოდით დათვლილი საშუალო ანაზღაურებას, აქ ასეთი ვითარება გვაქვს: ყველაზე დიდი მაჩვენებელი ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს — 4800 ლარი, მეორე ადგილზე კი ეკონომიკის სამინისტრო მოდის 4200 ლარით.
ორგანიზაციამ უწყებებში მოსამსახურეთა ხელფასებს შორის უთანასწორობის დასადგენად ერთმანეთს შეადარა ყველა თანამშრომლის საშუალო და მედიანური ხელფასები, კერძოდ, მედიანურ და საშუალო ხელფასს შორის პროცენტული სხვაობა. როგორც ისინი განმარტავენ, რაც უფრო ნაკლებია განსხვავება ამ ორ მაჩვენებელს შორის, მით უფრო ნაკლებია უთანასწორობა სხვადასხვა საფეხურის თანამშრომლობის ანაზღაურებას შორის. TI-ის თანახმად, სხვაობა სამინისტროებში საშუალო და მედიანურ ხელფასებს შორის ასეთი იყო.
შესაბამისად, გამოდის, რომ 2018 წელს ეკონომიკისა და განათლების სამინისტროებში იყო ყველაზე დიდი უთანასწორობა (30.8%) ანაზღაურებებს შორის (8 სამინისტროდან). ყველაზე ნაკლებად უთანასწორო კი ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოდის.
TI-ის მონაცემებით, 2017 წლის დეკემბრის მედიანურ და საშუალო ხელფასებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა ინფრასტრუქტურის სამინისტროში (31.6%) იყო, ყველაზე დაბალი კი – იუსტიციის სამინისტროში (11%). 2018 წლის დეკემბერში ყველაზე დიდი სხვაობა (30.8%) ორ უწყებაში – ეკონომიკისა და განათლების სამინისტროებში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – ინფრასტრუქტურის სამინისტროში (6.7%)
„ერთი წლის დინამიკას თუ შევხედავთ, რვა სამინისტროდან ხუთში სახელფასო უთანასწორობა გაიზარდა, სამში კი – შემცირდა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც 2017 წლის დეკემბერში სახელფასო უთანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა, 2018 წლის დეკემბერში კი – ყველაზე დაბალით. რვავე სამინისტროს მაჩვენებლებს ერთიანად თუ შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ საკვლევ პერიოდში სახელფასო უთანასწორობა თითქმის არ შეცვლილა – 2017 დეკემბერში საშუალო სხვაობა 20.6% იყო, 2018 წლის დეკემბერში კი – 20.9%“, — წერს TI.