ახალი ამბები

ზაქარია ქუცნაშვილი 20 ივნისის მოვლენებს რ2-ზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას უკავშირებს

4 ოქტომბერი, 2019 • 1719
ზაქარია ქუცნაშვილი 20 ივნისის მოვლენებს რ2-ზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას უკავშირებს

„ქართული ოცნების“ ყოფილი პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილი 20 ივნისის მოვლენებს „რუსთავი 2-ის“ შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირებს.

„20 ივნისიდან 18 ივლისამდე [სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე] მომხდარი ეს 4 ფაქტი ნათელს ხდის მათი ძალადობრივი და პროვოკაციული მოქმედებების მიზანს – საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, ხოლო როდესაც ეს არ გამოუვიდათ, უკვე საზოგადოების პროვოცირებით „რუსთავი 2“ -ის დარბევის გამოწვევას“, – წერს ქუცნაშვილი 3 ოქტომბრის წერილში.

ქუცნაშვილი აცხადებს: „როგორც გამოჩნდა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მოელოდნენ სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ამაზე მეტყველებს 20-21 ივნისს მათ მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები, შემდეგში- ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გარდაცვლილი ადამიანის საჯაროდ და უხამსად შეურაცხყოფა, ნიკა გვარამიას მიერ ქართული ღვინის და ტრადიციების აბუჩად აგდებით ქართული საზოგადოების პროვოცირება და ბოლოს, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე- უკვე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ არქივის გასხვისება“.

„ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მოელოდნენ რა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას, ამიტომ წავიდნენ ვა-ბანკზე 20 ივნისიდან 18 ივლისამდე პერიოდში. მედიაძალაუფლების დაკარგვის შიშმა გადააწყვეტინა მათ, მოვლენები რევოლუციური გზით წარემართათ. დროის ამ მონაკვეთში მომხდარი … ფაქტების ანალიზი ნათელს ხდის განზრახულობას და აშიშვლებს მათ ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს“, — წერს იგი.

ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, დაკავშირებულია გენერალური ასამბლეის თბილისში ჩატარებასთან და, შესაბამისად, რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან, რომლის წევრიც იყო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი.  სერგეი გავრილოვმა ასამბლეა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გახსნა. ამ სცენას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც თვეების განმავლობაში გაგრძელდა „სირცხვილიას“ სახელით.

იმ საღამოს, 20 ივნისს, დემონსტრანტების დასაშლელად ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა, რა დროსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 40-მდე ჟურნალისტი, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

მოვლენების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა, ზაქარია ქუცნაშვილმა კი დეპუტატის მანდატი დატოვა. ასევე, ხელისუფლებამ დათმო და დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება; დემონსტრანტების მესამე მოთხოვნა, გადამდგარიყო შინაგან საქმეთა მინსიტრი გიორგი გახარია, არ შესრულდა. ის რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრი გახდა.

ნახეთ ასევე:

გავრილოვს აფხაზეთის და 2008 წლის ომებში არ უბრძოლია, ჯარშიც არაა ნამყოფი — ქუცნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი